ნიკა მელიას დაკავება

აშშ: რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, წინააღმდეგობაშია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ყოველდღიური საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე - უქმნის თუ არა საფრთხეს ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ, უპასუხა:

"რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ამის მიღმა კომენტარის გაკეთება არ მსურს. ვიტყვი იმას, რომ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენებს მომდევნო საათებსა და დღეებში. საიდუმლო არაა, რა გვსურს, რომ მოხდეს და ვნახავთ, ასე იქნება თუ არა". – თქვა მან.

23 თებერვალს ნედ პრაისმა ყოველდღიური საინფორმაციო ბრიფინგი სწორედ საქართველოს თემით დაიწყო.

მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მელიას დაკავების შესახებ კიდევ ერთ განცხადება გაავრცელა

"შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიასა და ოპოზიციის სხვა წევრების დაკავებით. 

მაპოლარიზებელი რიტორიკა, ძალა და აგრესია საქართველოს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრის გზა არ არის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები, რომელმაც, შესაძლოა, გაამწვავოს დაძაბულობა და კეთილსინდისიერად მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რათა გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი. 

შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და აყვავებულ დემოკრატიას". – წერია პრესსპიკერ ნედ პრაისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე მელიას დაჭერის გავლენაზე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამაც.

"ამ ეტაპზე ამერიკის საელჩოს განცხადება არის მხოლოდ გაფრთხილება, თუ შემდგომში არაფერი არ მოხდა, თუ არ იქნება ძალადობა, არ იქნება ძალადობრივი პროტესტი და ძალადობრივი პასუხი მთავრობის მხრიდან, თუ ამის ნაცვლად საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციაში თუ მთავრობაში გაიაზრებს, რამდენად სერიოზული მომენტია, რამდენად საშიშია საქართველოს დემოკრატიისთვის, მაშინ ამას არ ექნება უარყოფითი გავლენა საქართველოს ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებზე. მაგრამ, თუ ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა, თუ დაპირისპირება ოპოზიციასა და მთავრობას შორის გაგრძელდება თვეების განმავლობაში, ეს გაცილებით გაართულებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირება. ახლა საქართველოს დემოკრატია შეფერხებას ვხედავთ". – ამბობს ბრაიზა.

კომენტარები