პარტია ფედერალისტები კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მელიას დაკავების დეტალები რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტია.
ფედერალისტები სოლიდარობას უცხადებენ მელიას და რეჟიმის ყველა პატიმარს.
"ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.
როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან, პასუხი ნათელია - ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას.
ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდონიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში. –
სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პატიმრობა დღეს, 30 მაისს, შეუფარდა.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა. მელიამ სასამართლო პროცესზე დაკავების დეტალები გაიხსენა.





