ნიკა მელიას დაკავება

გვარამია: სიგიჟეს ვუყურეთ საათების განმავლობაში - ნიკა მელია უკანონო პატიმარია

"სამართლებრივი მიზნებისთვის 29 დღე უდრის 3 საათს, თუ 29 დღის განმავლობაში შეეძლო გადახდა, ამ სამ საათშიც შეეძლო... 3 საათი იყო გადამწყვეტი მოსამართლისთვის და არა მელიასთვის. მოსამართლისთვის იყო გადამწყვეტი ის, რომ სანამ ეს 3 საათი არ გავა, არ შეიძლება პირი პატიმრობაში გაუშვას" - ასე ეხმაურება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. გვარამია დღევანდელ პროცესზე ნიკა მელიას ადვოკატიც იყო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაო, მელიას პატიმრობით შეუცვალა. გვარამიას შეფასებით, "მოსამართლეს იგივე წარმატებით შეეძლო დაედგინა, რომ ნიკა მელია კაციჭამიაა, ბავშვებს იტაცებს, სიგიჟეს ვუყურეთ საათების განმავლობაში".

"ნიკა მელია არის უკანონო პატიმარი, ირაკლი შვანგირაძეს ჰყავს უკანონო პატიმარი, არა იმიტომ, რომ არასწორად განმარტა ნორმა, ან მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე, არა - დაარღვია კანონის ის მოთხოვნა, რომ ადამიანი ამ ვითარებაში პატიმრობაში არ შეიძლება, რომ იყოს. 

[...]

მოსამართლე იჯდა მჩხიბავივით, რაღაცებს ვარაუდობდა. აბსოლუტურად კითხვაც არ გასჩენია გატაცებასთან დაკავშირებით. ის მაინც გამოეკვლია, ადამიანი მართლა თავისუფლებააღკვეთილი იყო თუ არა, არც პროკურატურას. პროკურატურას ავიწყდება, რომ დამნაშავეებს სჯის იმის გამო, რომ საზოგადოების ინტერესი დაიცვას და საზოგადოების უმაღლესი ინტერესია, უდანაშაულო ადამიანის ციხეში არ გაშვება. პროკურატურა ვალდებულია, რომ არც პატიმრობა გამოიყენოს და საერთოდ შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა თუ ნახავს, რომ დანაშაულის ნიშნები აღარ არსებობს. მაგრამ ვიზე და რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ოლიგარქია უნდა დაემხოს". - განაცხადა გვარამიამ სხდომის შემდეგ.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა. მელიამ სასამართლო პროცესზე დაკავების დეტალები გაიხსენა.

კომენტარები