ბიძინა ივანიშვილის საქმე

შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, Credit Suisse-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს - MKD

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ფაქტები იძლევა საფუძველს, გაკეთდეს დასკვნა - "კრედიტ სუისს-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს". MKD-ს მტკიცებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კრედიტ სუისს-ის ტრასტის მოქმედების ლოგიკა შეიცვალა. წერილში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის ნსტრუქციების შესრულება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარ აქტივებთან მიმართებით ხელოვნურად დაუკავშირდა ბატონ ივანიშვილთან დაუკავშირებელ გარემოებებს - "აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“.

"ტრასტი, რომელსაც ბენეფიციარების თანხების დაცვა ევალებოდა, 10 წლის განმავლობაში მსგავსს არაფერს აკეთებდა და სწორედ მათი მმართველობის განმავლობაში, ბენეფიციარის ზიანმა მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მარტივად მტკიცდება ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოებში. მათ თავიანთი ფუნქცია არათუ სრულად, ნაწილობრივადაც კი ვერ შეასრულეს;

ამის შემდეგ კი, იუმორისტულ ჟანრს მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებს შეგახსენებთ და შევაჯამებთ, იმავე დასკვნის გამოტანის გამარტივების მიზნით:

პირველი, ბატონი ივანიშვილი როდესაც ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხას ვერ გადმოგირიცხავო; როდესაც, პასუხად, ბატონი ივანიშვილი უცხადებს, თავად გაანაწილეთ თანხები, როგორც საჭიროდ ჩათვლით ჩემს ოჯახზეო, რაზეც წინასწარ გეთანხმებითო, ამაზე პასუხი აღარ ყოფილა. მეორე, კრედიტ სუისს-მა კიდევ ერთი, ახალი ბარიერი შექმნა და ტრასტი სამართავად მესამე პირებს გადასცა (თუკი მათ განცხადებას ვენდობით). ერთი წელიწადია, ბატონი ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, თუ ვინ მართავს მის ფულს, ვის უხდის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, რასაც ასეთივე დაჟინებით არ პასუხობს კრედიტ სუისს-ი, ხოლო კლიენტი ღებულობს ამ უცნობი პირების ხელმოწერილ დოკუმენტებს ისე, რომ ამქვეყნად ვერავინ გაარკვევს, თუ ვის ეკუთვნის ხელმოწერა; მესამე: ბანკმა რომ ვეღარ ნახა ვერანაირი საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის: ვეღარც გადმორიცხვის დანიშნულება, ვეღარც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვეღარც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობის საკითხი, ვეღარც ის, რომ თანხის გადმორიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა და სხვა, ყველა საკითხი რომ ამოწურა, შემდეგ მიადგა ბოლო მიზეზს: დაუბადებელი შთამომავლები რომ არიან, მათ ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი თქვენი მხრიდან თანხის გადმორიცხვის მოთხოვნაო - უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო...

...ბანკმა დაიწყო დაუბადებელი შთამომავლების დაცვა ბატონი ივანიშვილის ქმედებებისგან: რომ მან ისე არ გააკეთოს, რომ შთამომავლები დაიბადონ და თანხა არ დახვდეთ. ბატონი ივანიშვილის დაუბადებელ შთამომავლებს ადვოკატები დაენიშნათ, მათ თანხას ბატონი ივანიშვილი უხდის, თუმცა ისინი მის ინსტრუქციებს არ ემორჩილებიან და დაუბადებელთა ინტერესებს დამოუკიდებლად იცავენ. აი, ამ აბსურდში მივედით საბოლოოდ" - წერია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა.

იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".

თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

2022 წლის 14 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს.

კომენტარები