ბიძინა ივანიშვილის საქმე

Credit Suisse-ის ბანკირის სქემით ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა – Bloomberg

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group-ის საქმეზე, დაახლოებით, $607 მილიონი დაკარგა. ამის შესახებ 21 ივნისის სასამართლოზე გახდა ცნობილი, რომელსაც ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნარინდერ ჰარგუნი უძღვებოდა. ინფორმაციას Bloomberg-ავრცელებს.

ჰარგუნმა სამი თვის წინ ივანიშვილის ზარალი 553$ მილიონად შეაფასა, ხოლო Credit Suisse-მა აპრილში აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში 600$ მილიონად შეფასებად მოელოდა. ამასთან ერთად, მოსამართლემ Credit Suisse Life-ი გააკრიტიკა და თქვა, რომ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილებამ "თვალი დახუჭა" პატრიკ ლესკოდრონის დანაშაულზე. ბანკის მტკიცებით, ლესკოდრონი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს, "მარტოხელა მგელი" იყო და თაღლითურ საქმიანობას მალავდა. 

Credit Suisse Life-ის (ბერმუდის) ადვოკატმა, ჯონათან ქროუმ სასამართლოზე აღნიშნა, რომ ჰარგუნის გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება და აღიარებს განახლებულ მონაცემს, $607 მილიონს. მისივე თქმით, კომპენსაცია "უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ცალკეული ანგარიშების აქტივებიდან". 

"ჩვენ ვიბრძოლეთ და დავმარცხდით და არ ვცდილობთ პასუხისმგებლობის არიდებას, მაგრამ კომპენსაცია უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ცალკეული ანგარიშების აქტივებიდან". - თქვა ქროუმ.

ჰარგუნის ინფორმაციით, ის საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებს.

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

კომენტარები