ბიძინა ივანიშვილის საქმე

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის $926 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

სინგაპურის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს საქართველოს ექსპრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ს სინგაპურის გარდა, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაშიც უჩივლეს. საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელიც ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა მისი ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რამაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი დანაკარგები მოუტანა.

სინგაპურის სასამართლო ვერდიქტში მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი ივანიშვილის პირადი ბანკირის თაღლითურ ქმედებებზე პასუხისმგებელია და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია, დაკარგული თანხების გარდა იმ მიუღებელ შემოსავალსაც მოიცავს, რომელსაც ოლიგარქი აქტივების თაღლითობის გარეშე მართვის შემთხვევაში მიიღებდა.

ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი 2015 წელს დააკავეს, 2018 წელს მას 5-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, 2020 წელს კი მან თავი მოიკლა.

თავისხმრივ, Credit Suisse-ის წარმომადგენლები სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ და გასაჩივრებას გეგმავენ.

"განაჩენი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა არასწორია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დარღვევებს შეიცავს. ვგეგმავთ მტკიცედ განვაგრძოთ გასაჩივრების პროცესი". - წერია შვეიცარიული ბანკის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა გასულ წელს ბერმუდის სასამართლოში Credit Suisse-ს ერთი საქმე უკვე მოუგო. შვეიცარიული ბანკის ბერმუდულ ფილიალს ადგილობრივმა სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამავდროულად, მომდევნო კვირაში შვეიცარიული საინვესტიციო ბანკის, UBS-ის მიერ Credit Suisse-ის ყიდვის პროცესი დასრულდება. შესაბამისად, ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა, საბოლოოდ UBS-ს მოუწევს. UBS-მა Credit Suisse-ის აქციები 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის სანაცვლოდ შეიძინა.

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

კომენტარები