საქართველო-ევროკავშირი

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და პარტნიორებს, დაუწესონ სანქციები ივანიშვილს

ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციის მხარდაჭერილი შესწორების თანახმად, პარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს.

რეზოლუციის თავი, რომელშიც ევროპარლამენტი რეკომენდაციას გასცემდა, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენები აღმოფხვრილიყო, შემდეგი რედაქციით დამტკიცდა:

"ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. საქართველოსთვის ამის გადაწყვეტა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

რეზოლუცია კვლავ მოუწოდებს [ევროპულ] საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილსა და ყველა იმ პირზე, რომელიც შესაძლებელს ხდის და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე".

რეზოლუციის საბოლოო სახის მისაღებად ევროპარლამენტარებმა კენჭი უყარეს დეპუტატების მიერ ინიცირებულ შესწორებებს, მათ შორის, 275 დეპუტატმა 212-ის წინააღდეგ მხარი დაუჭირა EPP-ის წევრის, მირამ ლექსმანის შესწორებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები