ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა MKD Credit Suisse-სთან დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თვეების განმავლობაში ბანკის მენეჯმენტის მხრიდან "მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა".
იურიდიული ფირმის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაჭიანურებულ პროცესსა და ქონების ტრანსფერების შეფერხებას ისინი ივანიშვილის "არაფორმალურ სანქცირებას" უწოდებენ. ამასთან, MKD წერს, რომ მათ Credit Suisse-ის ტრასტები იყენებენ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ორ რეზოლუციას, რომლითაც დეპუტატები აღმასრულებელ ორგანოებს ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციას უწევდნენ.
"ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ დღეს: ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე);
ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი – უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოხდა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი, ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა. ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება". – ნათქვამია ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში.
ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავის შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში დაანონსებული საჯარო პრესკონფერენცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
14 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს.
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა.
იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.