"მართლაც იმედგამაცრუებელია, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა" - ბიძინა ივანიშვილის დამცველი იურიდიული ფირმა ემ ქეი დი მორიგ პრესრესლიზს ავრცელებს და აცხადებს, რომ "მორიგი სამწუხარო სიგნალი" ამჯერა ბრიტანული მედიისგან მიიღეს. კომპანიის მტკიცებით, მათი მიწოდებული წერილიდან მედიამ სრულად ამოიღო ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, "მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, კრედიტ სუისს-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა". MKD-ის განცხადებითვე, "ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს, კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედიასაშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე დაგეგმილია, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში".
"როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი არის ბატონ ივანიშვილსა და კრედიტ სუისს-ს შორის მიმდინარე გლობალური დავის შესახებ. ერთ-ერთი წამყვანი წყარო, ძირითადი საშუალება, რომლის გამოყენებითაც არის უზრუნველყოფილი სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობა, არის ბეჭდური მედია და ინტერნეტ გამოცემები.
მართლაც, წლების განმავლობაში წარმოებული სასამართლო დავების პარალელურად, ბატონი ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მიერ მუდმივად ხორციელდებოდა კომუნიკაცია მკითხველთან, საკითხით დაინტერესებულ პირებთან და საზოგადოებასთან როგორც უშუალოდ შვეიცარიული, ისე ევროპული და, ზოგადად, საერთაშორისო მედიის საშუალებით.
ცხადია, ყოველივე ატარებს გარკვეულ ორგანიზებულ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში მხარდაჭრის კუთხით მომსახურებას წლების განმავლობაში სწევდა ინგლისური ფირმა „მეტიგენი“ (Metigen). სწორედ აღნიშნული ფირმის ჩართულობით, წლების განმავლობაში არაერთი სტატია და წერილი გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რაც დამატებით გადაიბეჭდა ათობით გამომცემლობაში, მათ შორის, მსოფლიოს წამყვან პრესაში (Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და სხვა). აღნიშნული სტატიები და წერილები საუბრობდა „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავებზე, მათ შედეგებზე, ბანკში ჩადენილ დანაშაულზე, ბანკის მხრიდან დარღვევებზე. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია, თუნდაც, სულ ახლახანს, 2023 წლის 25 იანვარს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც „კრედიტ სუისს“-ის უმძიმეს კრიტიკას შეიცავდა. ამგვარი პუბლიკაციების გამოქვეყნება შეფერხებების გარეშე ხორციელდებოდა.
თუმცა, მკითხველი გაიხსენებს გამონაკლისსაც, როდესაც 2022 წლის 18 ივლისს საზოგადოებას ვაცნობეთ იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის გამოქვეყნებაზეც შვეიცარიულმა მედიამ უარი განაცხადა (მართალია, ამ შემთხვევაში ფირმა Metigen არ იყო ჩართული საკითხში). შეგახსენებთ, რომ გამოუქვეყნებელი ინფორმაცია შეეხებოდა არა ზოგადად „კრედიტ სუისს“-ის, არამედ უშუალოდ და კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან უხეშ დარღვევებს და ბანკის ინტერესების საწინააღმდეგო განზრახ მოქმედებებს.
მაშინ ჩვენ იძულებული გავხდით პირადი წერილებით მიგვემართა შვეიცარიელი პოლიტიკოსებისთვის და მათი ყურადღება მიგვეპყრო იმ საკითხებზე, რაზეც შვეიცარიულმა მედიამ საუბრის საშუალება არ მოგვცა.
დღეის მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:
ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა.
შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა.
ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე.
საგულისხმოა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ჰაერიდან მოტანილი და იგი ეფუძნებოდა ფაქტებსა და შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის ანგარიშებს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან. აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს. მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში" - ნათქვამია განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა.
იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.
2022 წლის 14 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს.