რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FP: ჩინურმა კომპანიებმა რუსეთში მობილური ტელეფონების მიწოდება გაანახევრეს

Huawei
EPA

მობილური ტელეფონების უმსხვილესი ჩინური მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებას ამცირებენ. ინფორმაციას გამოცემა The Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპანიებმა - Huawei-მ, Xiaomi-მ და Oppo-მ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ტელეფონების მიწოდება, მინიმუმ, გაანახევრეს. კომპანიებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

FT აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კომპანიებს რუსეთში მუშაობაზე პოლიტიკური მიზეზებით უარი არ უთქვამთ, როგორც ეს დასავლურმა კომპანიებმა გააკეთეს, სანქციების შედეგად დაზარალებული ეკონომიკა და რუბლის გაუფასურება კომპანიების მუშაობაზეც აისახა.

FT წერს, რომ დოლართან მიმართებით რუბლის 35%-იანმა გაუფასურებამ ჩინურ კომპანიებს დანაკარგების გარეშე პროდუქციის გაყიდვა გაურთულა. საჭირო ხდება რუსი მომხმარებლებისთვის რუბლში ფასის გაზრდა, რათა გაცვლითი კურსის სხვაობა ამოღებული იყოს, მაგრამ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა ფასების ზრდას ართულებს.

Counterpoint Research ანალიტიკოსი, ივან ლამი აღნიშნავს, რომ ზარალის თავიდან ასარიდებლად ყოველდღიურად ახალი ფასის დაწესებაა საჭირო. Huawei-ს ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის შეფასებით კი, ამჟამად რუსეთში მუშაობა კომპანიისთვის ძალიან სარისკოა.

რუსეთში მობილური ტელეფონების ბაზრის თითქმის 60%-ს ჩინური კომპანიები იკავებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები