რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას – სანქციები, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ მიღებული ზომების შესახებ გაერთიანება დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

ევროკავშირმა განაცხადა, რომ დააწესებს "უმკაცრეს სანქციებს" რუსეთის წინააღმდეგ. ვის და როგორ შეეხება ეს შეზღუდვები?

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა. 

ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან – ნატოსთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად ამ ეტაპისთვის სანქციების ოთხ პაკეტზეა შეთანხმებული. 

პირველი მათგანი ევროკავშირმა 23 თებერვალს რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მიიღო. უკვე მეორე დღეს – 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მეორე პაკეტი დამტკიცდა. 26 თებერვალსა და 28 თებერვალს კი ევროკავშირმა კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დააწესა. 

  • ფინანსური სექტორი

ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა. SWIFT საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. ამ ქსელიდან რუსეთის გათიშვა უდიდეს ზიანს მიაყენებს მის ეკონომიკას. ეს ნაბიჯი რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური ოპერაციების ჩატარების უნარს უზღუდავს. კერძოდ, ისინი ვერ შეძლებენ როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის გადახდას, ისე ექსპორტირებული პროდუქტისთვის საფასურის მიღებას.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას გამოიწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს გადაუკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება. 

ევროკავშირის სანქციები რუსეთს უმნიშვნელოვანეს კაპიტალის ბაზრებზე უზღუდავს წვდომას. ეს სანქციები ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე რუსეთის სახელმწიფო კომპანიების აქციებით ნებისმიერი სახის ოპერაციას კრძალავს. ამასთან, ახალი ზომები მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთიდან ევროკავშირში ფინანსების გადინებას. ამის მისაღწევად იკრძალება: ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისგან გარკვეულ ღირებულებაზე მაღალი დეპოზიტების მიღება, რუსი კლიენტების ანგარიშების არსებობა ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ საცავებში და რუსი კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ევროში მიყიდვა.

ამ სანქციების სამიზნეა რუსეთის საბანკო ბაზრის 70% და უდიდესი სახელმწიფო კომპანიები – მათ შორის ისინიც, რომლებიც თავდაცვის სფეროში ფუნქციონირებენ. დაწესებული შეზღუდვების მეშვეობით რუსეთში მოიმატებს სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები, გაიზრდება ინფლაცია და თანდათანობით ჩამოიშლება რუსეთის სამრეწველო ბაზა. ამასთან, რუსეთის ელიტა ვეღარ შეძლებს თავისი საბანკო ანგარიშებისა და ქონების ევროპაში უსაფრთხოდ გადამალვას.

  • საჰაერო სივრცე და ტრანსპორტი

ევროკავშირი კეტავს ევროპის საჰაერო სივრცეს რუსეთის მფლობელობაში მყოფი ან რუსეთში რეგისტრირებული ყველა თვითმფრინავისთვის – მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვის. ეს თვითმფრინავები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, ამ ტერიტორიიდან აფრენას ან მის თავზე გადაფრენას. 

გარდა ამისა, ევროკავშირმა საავიაციო და კოსმოსური წარმოების საქონლისა და ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტი აკრძალა. ასევე იკრძალება ამ საქონელთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დაზღვევის თუ ტექნიკური მომსახურების სერვისებიც. ეს სანქციები ერთობ ეფექტიანი იქნება, რადგან რუსეთის კომერციული თვითმფრინავების  ამჟამინდელი ფლოტის სამი მეოთხედი ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაშია წარმოებული.

  • ენერგეტიკა

ევროკავშირი ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაში გამოყენებული კონკრეტული საქონლის და ტექნოლოგიების რუსეთისთვის მიყიდვას, მიწოდებას, გადაზიდვას ან ექსპორტს კრძალავს. ისე ასევე დააწესებს შეზღუდვებს შესაბამისი მომსახურებების მიწოდებაზეც.

ექსპორტზე ამგვარი აკრძალვის დაწესებით, ევროკავშირი აზარალებს რუსეთის ნავთობის სექტორს და არ მისცემს მას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლების საშუალებას.

  • ტექნოლოგიები

ევროკავშირმა დააწესა შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის და ტექნოლოგიის ექსპორტზე. შეზღუდვები დაწესდა იმ ტიპის საქონლის და ტექნოლოგიის ექსპორტზეც, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის და უშიშროების სექტორის ტექნოლოგიურ გაძლიერებას შეიძლება შეუწყოს ხელი. ამაში შედის ისეთ პროდუქცია, როგორიცაა ნახევარგამტარები თუ მოწინავე ტექნოლოგიები.

  • მედია

ევროკავშირმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების,  Sputnik-ისა და RT/Russia Today-ის (RT English, RT UK, RT Germany, RT France, და RT Spanish) სამაუწყებლო საქმიანობა შეაჩერა 

ეს შეზღუდვა ძალაში იქნება მანამ, სანამ არ შეწყდება აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და სანამ რუსეთის ფედერაცია და მასთან ასოცირებული მედიასაშუალებები არ შეწყვეტენ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნებისადმი მიმართულ დეზინფორმაციას და ინფორმაციით მანიპულირებას. 

  • ინდივიდუალური სანქციები

შემზღუდველი ზომები ამჟამად სულ 702 ფიზიკურ და 53 იურიდიულ პირზე ვრცელდება. სიაში შეყვანილ პირებს აქტივები ეყინებათ და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ეკრძალებათ.  გარდა ამისა, მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ან ტრანზიტით გადაადგილების უფლებაც ერთმევათ.  

ამ სიაში შეყვანილები არიან: რუსეთის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის მხრიდან ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას და რუსეთის სახელმწიფო დუმის ყველა წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციას და აღნიშნულ ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის დადებულ მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას. სიაში ასევე მოხვდნენ ნავთობის, საბანკო და საფინანსო სექტორებში მომუშავე ოლიგარქები თუ ბიზნესმენებიმთავრობის წევრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები და პროპაგანდისტები. ყველა მათგანი უკრაინის საწინააღმდეგო პროპაგანდას ავრცელებს და მოსახლეობაში რუსეთის ინტერვენციაზე დადებითი განწყობის შექმნას  უწყობს ხელს. 

ამასთან, დიპლომატები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ შესვლას, ხოლო სხვა რუსი ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომდგენლები ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული სავიზო პროცედურებით. ეს გადაწყვეტილება არ შეეხება რიგით რუს მოქალაქეებს. 

ევროკავშირმა ე.წ. "ოქროს პასპორტების" გაცემის შეზღუდვის შესახებაც მიიღო ზომები. ეს პასპორტები მდიდარ რუსებს ევროკავშირის მოქალაქეებად გახდომის საშუალებას აძლევს.

რა ხდება ბელარუსის შემთხვევაში? გავრცელდება თუ არა მასზეც სანქციები იმ როლისთვის, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ამ ომში ასრულებს?

ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელარუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.

ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელარუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.

შეზღუდვები შეეხო ბელარუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.

გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტისმინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციასა და ტექნოლოგიაზე და იმ მოწინავე საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელმაც ბელარუსის სამხედრო, ტექნოლოგიური, თავდაცვის და უშიშროების სექტორების განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.

ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს. რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით?

უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სიტყვებით, დაირღვა მორიგი ტაბუ: ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ აღჭურვილობას მესამე ქვეყანას მიაწოდებს.

უკრაინის მოთხოვნის პასუხად, 27 თებერვალს ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფინანსების მობილიზაციას დასთანხმდა. ამ გზით ევროკავშირი უკრაინის არმიას ლეტალურ და არალეტალურ აღჭურვილობას მიაწოდებს. ეს გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და მიმდინარე სამხედრო აგრესიისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში დაეხმარება. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები 500 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღებას და აღჭურვილობას მიიღებენ. ამ თანხიდან 450 მილიონი ევრო უკრაინის არმიისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას მოხმარდება, ხოლო დარჩენილი 50 მილიონი ევრო – საწვავსა და დამცავ აღჭურვილობას.

რა ხდება ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით?

ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ საჭიროებებთან გასამკლავებლად  ევროკავშირი საკუთარი ბიუჯეტიდან მინიმუმ 500 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა მოხმარდება როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ საჭიროებებს, ასევე – ლტოლვილებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 1 მარტს ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

გარდა ამისა, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ სასწრაფო დახმარებისკენ გაეროს მოწოდების საპასუხოდ, ჰუმანიტარული პროგრამებისთვის დამატებით 90 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა ომით დაზარალებულ მშვიდობიან მოსახლეობას მოხმარდება. ევროკავშირის ეს ახალი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში დარჩენილ თუ მოლდოვაში გადასულ ლტოლვილებს საკვებით, წყლით, სამედიცინო დახმარებით და თავშესაფრით უზრუნველყოფს.

ევროკომისია უკრაინისთვის მატერიალური დახმარების კოორდინაციას 

ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებითაც წევს. ამჟამად ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფო მზადაა, უკრაინა პირველადი სამედიცინო დახმარების 8 მილიონი ნივთით მოამარაგოს. უკრაინას დამატებით გადაეცემა სამედიცინო დახმარების ნაკრებები, მედიკამენტები, საძილე ტომრები, გენერატორები, სასწრაფო დახმარების მანქანები, კარვები, საბნები და საველე სამზარეულოები.

მოლდოვამაც გაააქტიურა მექანიზმი, რათა მის ტერიტორიაზე გადასულ უკრაინელებს დაეხმაროს. ავსტრიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა უკვე შესთავაზეს მას სასწრაფო მხარდაჭერა – მათ შორის, საცხოვრებელი ნივთებისა და სამედიცინო დახმარების სახით. 3 მარტს კი ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მოლდოვას გადაუდებელი დახმარების სახით – 15 მილიონი ევრო, ხოლო სამოქალაქო დაცვისთვის 5 მილიონი ევრო გამოუყო.

როგორ ეხმარება ევროკავშირი უკრაინელ ლტოლვილებს?

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემების მიხედვით, უკრაინა უკვე ორ მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.

4 მარტს ევროპის კავშირის საბჭო დროებითი დაცვის დირექტივის გააქტიურებაზე ერთსულოვნად შეთანხმდა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირს შეაძლებინებს, სწრაფად და ეფექტიანად დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს. 

კერძოდ, ომს გამოქცეული ადამიანებისთვის უზრუნველყოფილი იქნება დროებითი დაცვა მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რეზიდენტობის და მუშაობის უფლებას, საცხოვრებელსა და საარსებო საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და სოციალურ, სამედიცინო თუ სხვა სახის დახმარებას

დროებითი დაცვა დაუყოვნებლივ ვრცელდება უკრაინელ ლტოლვილებზე. ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში და შეიძლება გაგრძელდეს სამ წლამდე  მანამ, სანამ მდგომარეობა უკრაინაში საკმარისად არ გამოსწორდება იმისათვის, რომ ადამიანებს სახლებში დაბრუნება შეეძლოთ. 

გარდა ამისა, ევროკავშირი დაცვით უზრუნველყოფს უკრაინაში ლეგალურად მცხოვრებ არაუკრაინული ეროვნების ადამიანებს. მათ შორის მოიაზრებიან მოქალაქეობის არმქონე პირებიც, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში ან სამშობლო რეგიონში – მაგალითად, თავშესაფრის მაძიებლებს ან საერთაშორისო დაცვის ბენეფიციარებს და მათი ოჯახის წევრებს. რაც შეეხება მათ, ვინც უკრაინაში მოკლე ვადით ლეგალურად არის ჩასული და შეუძლია, უსაფრთხოდ დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, სამშობლოში ჩასასვლელად ისინი ევროკავშირში ტრანზიტით შესვლის უფლებას მიიღებენ. 

ევროკავშირმა ომს გამოქცეული ადამიანების მხარდასაჭერად  სასაზღვრო კონტროლიც გაამარტივა. კერძოდ, ევროკავშირში შესვლის პირობები მეტად მოქნილი ხდება. ასევე გაიხსნება საზღვრის გადაკვეთის დროებითი პუნქტები და გამარტივდება წვდომა სამაშველო მომსახურებასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ის ლტოლვილები კი, რომლებსაც თან პირადი ნივთები მიაქვთ და შინაური ცხოველები ახლავთ, შესაბამის მხარდაჭერას მიიღებენ.

რას აკეთებს ევროკავშირი იმისთვის, რომ უკრაინა ენერგიის გარეშე არ დარჩეს?

24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს, უკრაინაში იზოლაციის რეჟიმის გამოცდა იყო დაგეგმილი. ეს გახლდათ პირველი ნაბიჯი იმ დიდი ხნის წინ შემუშავებული  გეგმის განსახორციელებლად, რომლის მიზანიც უკრაინის ენერგოქსელის ევროკავშირის სისტემასთან შეერთებაა. 

ამგვარად, ისე მოხდა, რომ უკრაინამ გეგმურ რეჟიმში გამორთო თავისი ენერგოსისტემა რუსეთის სისტემისგან. თუმცა რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინამ გადაწყვიტა, რომ მას უკან აღარ მიუერთდებოდა.

27 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირს ევროპულ ქსელთან საგანგებო რეჟიმში სინქრონიზაცია სთხოვა. ევროკავშირს იმავე თხოვნით მიმართა მოლდოვამაც. 28 თებერვალს ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად დააკავშირებს უკრაინის და მოლდოვის სისტემებს ევროკავშირის სისტემასთან.

ევროკავშირი უკრაინას გაზსაც აწვდის, რაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი რევერსული ნაკადითაა შესაძლებელი.  „პირველი ამგვარი მიწოდება ამ ზამთარს უნგრეთიდან განხორციელდა. გაიზარდა სლოვაკეთსა და უკრაინას შორის რევერსული ნაკადის სიმძლავრეც. ახლა კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ ეს პროცესი მომავალ გათბობის სეზონზეც განმეორდეს“, – აღნიშნა 28 თებერვალს ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა.

დამატებით, ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს უკრაინის მიერ გამზადებული სია მიაწოდა, რომელიც ენერგოსექტორში მის გადაუდებელ საჭიროებებს მოიცავს. ამ სიაში შეტანილია დიზელი, ბენზინი, საავიაციო საწვავი და გენერატორები. პოლონეთიდან, ლიეტუვიდან და ჩეხეთიდან უკვე დაგეგმილია მოთხოვნილი რესურსების მიწოდება. ხოლო ბევრმა სხვა წევრმა სახელმწიფომ პირობა დადო, რომ უკრაინას ამ მიმართულებით დახმარების ხელს გაუწვდიდა.

უკრაინამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე. როგორია ამ განაცხადზე ევროკავშირის პასუხი?

28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ოფიციალურად მოაწერა ხელი. 3 მარტს იგივე გააკეთეს მოლდოვის რესპუბლიკამ და საქართველომაც. უკვე 7 მარტს კი ევროკავშირი სამივე ქვეყნის განაცხადების განხილვის დაწყებაზე შეთანხმდა. ეს ნაბიჯი ტექნიკური ხასიათისაა და ის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების სტატუსით მიღების პროცესის დაწყებას აღნიშნავს.

“არავის… ეპარება ეჭვი, რომ ხალხი, რომელიც ასე მამაცურად იცავს ჩვენს ევროპულ ფასეულობებს, ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 1 მარტს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, — „მაგრამ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა. ჩვენ ამ ომს ბოლო უნდა მოვუღოთ. და მომავალ ნაბიჯებზე უნდა ვილაპარაკოთ“.

1 მარტს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ამგვარი პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს  ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლს. მის თანახმად, განაცხადის მიღების საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ კონსულტაციები უნდა გაიაროს ევროკომისიასთან და ამის შემდეგ ჩაატაროს ხმის მიცემის პროცედურა. თუკი საბჭოს ყველა წევრი თანხმობას განაცხადებს, ქვეყანას ევროკავშირში მიიღებენ. 

„ჩვენზე, ევროპელებზეა დამოკიდებული ამ მოვლენაზე სათანადო რეაგირება“, — განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, — „და ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს რთული თემაა, რადგან ის ევროკავშირის გაფართოებას ეხება. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები“.

„ამ საკითხზე  ევროკომისიამ უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი, რომლის საფუძველზე საბჭოს მთელი რიგი ამოცანები ექნება შესასრულებელი“, — განაგრძო მან პროცედურის ახსნა, — „მან სერიოზულად უნდა გააანალიზოს ის სიმბოლური, პოლიტიკური, მძლავრი და, ჩემი აზრით, ლეგიტიმური მოთხოვნა, რომელიც უკრაინის მიერ გამოითქვა“.

იმავდროულად, ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს, განაგრძოს მუშაობა უკრაინის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით. ეს პროცესი უკვე არსებული ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებაზე დაყრდნობით უნდა გაგრძელდეს.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, უკრაინამ მასშტაბური რეფორმების პროგრამა დაიწყო. მისი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესება გახლდათ. იმავდროულად, ევროკავშირმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა რეფორმების მხარდასაჭერად გრანტებისა და სესხების სახით 17 მილიარდ ევროზე მეტის მობილიზება შეძლეს.

რას აკეთებს ევროკავშირი უკრაინის მეზობელი მოლდოვის რესპუბლიკის დასახმარებლად?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა თავის უწყვეტ მხარდაჭერას მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

„მოლდოვას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ის ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე“, — 3 მარტს უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

ომის პირველ კვირაში მოლდოვამ უკრაინიდან გამოქცეულ 100,000-ზე მეტ ლტოლვილს — მათ შორის 20,000-ზე მეტ ბავშვს — თავისი საზღვარი უსაფრთხოდ გადააკვეთინა.

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს მოლდოვას, რომელიც ახლა მრავალი ლტოლვილის თავშესაფრადაა ქცეული. 

ევროკავშირი მოლდოვას  ლტოლვილთა კრიზისის ეფექტიანად სამართავად 15 მილიონ ევროს გამოუყოფს, ხოლო დამატებით 5 მილიონ ევროს სამოქალაქო დაცვისთვის გადასცემს. მოლდოვის თხოვნას, მიეღო დახმარება  ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში, თავდაპირველად საფრანგეთი, ავსტრია და ნიდერლანდები გამოეხმაურნენ. მას მერე  ხორვატიამ, დანიამ, საბერძნეთმა, ფინეთმა და შვედეთმაც გაუგზავნეს ქვეყანას სასწრაფო დახმარების მანქანები, კარვები, საბნები და საველე სამზარეულოები. 

გარდა ამისა, ევროკავშირმა მოლდოვას უშიშროებისა და თავდაცვის სექტორებშიც აღუთქვა მხარდაჭერა. კერძოდ, ევროკავშირი მას კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება. ამ მიზნით კიშინიოვში ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. ის შეაფასებს საჭიროებებს და დაგეგმავს მხარდაჭერის კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლების განხორციელებაც უმოკლეს ვადებში იქნება შესაძლებელი. კრიზისის შემთხვევაში, ევროკავშირი მოლდოვის შეიარაღებულ ძალებს სამედიცინო აღჭურვილობითა და მხარდაჭერით, მათ შორის ლოგისტიკური დახმარებითაც უზრუნველყოფს. 

ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიუერთებს მოლდოვის ელექტროსისტემას ევროკავშირის ენერგოქსელს. 

იმავდროულად, ევროკავშირი მოლდოვის დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების ფარგლებს გარეთაც აგრძელებს. ამას ის 600 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ეკონომიკური აღდგენის გეგმის საშუალებით და ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის იმ ხუთი საფლაგმანო ინიციატივით აკეთებს, რომელიც 3.4 მილიარდი ევროს  მობილიზაციას ისახავს მიზნად.

კომენტარები