რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფსაკი: აშშ პუტინსა და ლავროვს სანქციებს დაუწესებს

ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, აშშ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს სანქციებს დაუწესბეს. 

"ბაიდენმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, აშშ შეუერთდეს ჩვენს ევროპელ მოკავშრეებს პრეზიდენტ პუტინის, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვისა და რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრების სანქცირებაში".- თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ამასთანავე, ევროკავშირი პუტინსა და სერგეი ლავროვს სანქციებს უწესებს – მათ ევროპული აქტივები გაეყინებათ. მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთის შეჭრაზე მყისიერი რეაგირების მოთხოვნაა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები