საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავდაპირველად ეგონა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს წააგებდა და სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურდა, თუმცა, მოგვიანებით აღიარა, რომ უკრაინის მარცხთან დაკავშირებით პროგნოზები არასწორი აღმოჩნდა.
მაკრონის თქმით, ტრამპი თავდაპირველად დარწმუნებული იყო, რომ უკრაინა ჩამოშლის პირას იყო და არსებობდა სწრაფი შეთანხმების საჭიროება.
"როცა მოვიდა მან დაინახა, რომ უკრაინა წააგებდა. ამიტომ სურდა მას სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების დადება," აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა France TV-სთან ინტერვიუში და გაიხსენა თეთრ სახლში ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული დაძაბული შეხვედრა.
"გავიხსენოთ, 2025 წლის იანვარ-თებერვალი, მარადისობას ჰგავდა. მას ეგონა, რომ უკრაინა წააგებდა. ოვალურ ოფისში პრეზიდენტ ზელენსკისთან საქმე ცუდად მიდიოდა," აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ერთი წლის წინ, ალასკაში ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს გამართული სამიტის დროს, მხარეები ახლოს იყვნენ შესაძლო შეთანხმების წარდგენასთან, რომელიც უკრაინის მხრიდან იმ ტერიტორიების დათმობას მოიცავდა, რომელიც რუს ოკუპანტებს დაპყრობილი არ ჰქონდათ.
თუმცა, მაკრონის მიხედვით, ევროპელი ლიდერები მოგვიანებით ვაშინგტონში გაემგზავრნენ და მსგავს წინადადებას შეეწინააღმდეგნენ, რასთან ერთადაც ხაზი გაუსვეს, რომ კიევისთვის ტერიტორიულ დათმობებზე წასვლის იძულება მიუღებელი იყო.
"ჩვენ, როგორც დელეგაცია, აგვისტოს შუა რიცხვებში ვაშინგტონში ჩავედით, რათა გვეთქვა, რომ ეს შეუძლებელია." – განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონში წარმოდგენების შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი თავად უკრაინამ შეასრულა.
"განვლილი გზა პირველ რიგში გამარჯვებაა უკრაინელებისთვის, შესაძლებლობებისა და დამაჯერებლობის მხრივ." – თქვა მან.
პრეზიდენტი მაკრონის მიხედვით, მას შემდეგ ტრამპმა აღიარა, რომ უკრაინის მარცხის შესახებ წინა პროგნოზები არასწორი იყო.
"მან დაინახა, რომ ყველაფერი, რაც უთხრეს – რომ ისინი [უკრაინელები] დამარცხდებოდნენ, რომ ისინი ზამთარს ვერ გაუძლებდნენ – მცდარი იყო." – ამბობს მაკრონი ინტერვიუში.
მან დაამატა, რომ ახლა ტრამპის გადმოსახედიდან უკრაინელები არიან "მამაცი და ინოვაციური ხალხი," რომლებსაც ის პატივს სცემს.
ცნობისთვის, "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა.
მოგვიანებით გამოცემა Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპმა G7-ის სამიტზე გამოთქვა მზაობა, გაზარდოს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ომის დასასრულებლად, სანაცვლოდ კი ევროკავშირისგან ჰორმუზის სრუტის საკითხში მხარდაჭერას მოითხოვს.




