ვოლინის ხოცვა-ჟლეტა

"УПА-ს გმირებისთვის" პატივის მიგების გამო ნავროცკიმ ზელენსკის უმაღლესი ჯილდო ჩამოართვა

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში, 19 დეკემბერი, 2025 წ.
Omar Marques/Getty Images

პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვოლოდიმირ ზელენსკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო  – თეთრი არწივის ორდენი – ჩამოერთმევა, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო დანაყოფს იმ დაჯგუფების სახელი დაარქვა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ეთნიკური პოლონელების ხოცვა-ჟლეტას ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, მხარეებს შორის დიპლომატიურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღეში პოლონეთის ქალაქ გდანსკში უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვა იგეგმება.

"პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის ფონზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს "УПА-ს გმირების" სახელი დაერქვას,"... მე გადავწყვიტე, რომ უკრაინის პრეზიდენტს თეთრი არწივის ორდენი ჩამოვართვა." – განაცხადა ნავროცკიმ.

"ამ ეტაპზე მინდა, ხაზი გავუსვა: ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ წარმოადგენს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებაში ცვლილებას." – განმარტა ნავროცკიმ.

27 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომელშიც უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციები ცენტრს "УПА-ს გმირების" პატივსაცემი სახელი დაარქვა. ზელენსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება "ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენის მიზნით" მიიღო. 

უკრაინის მეამბოხეთა არმია (УПА) პარტიზანული ფორმირება იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოსთვის ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა. თუმცა, დაჯგუფება ასევე პასუხისმგებელია "ვოლინის ხოცვა-ჟლეტაზეც," რასაც ათეულობით ათასი პოლონელი ემსხვერპლა, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა. პოლონური მხარის შეფასებით, მომხდარი უკრაინის მეამბოხე არმიის მიერ ჩადენილი გენოციდი იყო, ხოლო უკრაინა ჩადენილ დანაშაულებზე ორმხრივი პასუხისმგებლობის აღიარებას ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება პოლონეთის სოლიდარობის მოძრაობის ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენამაც გააკრიტიკა, რომელმაც დაწერა, რომ ამ ნაბიჯით ზელენსკიმ მას და მოკლულ პოლონელ თანამემამულეებს შეურაცხყოფა მიაყენა.

"უკრაინის პრეზიდენტმა, УПА-ს ბანდიტებისთვის პატივის მიგებით, მე და ჩვენს მოკლულ თანამემამულეებს შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამიტომ მე გულ-მკერდიდან საჯაროდ უკრაინულ დროშას მოვიხსნი. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში ერისთვის მხარდაჭერას გავაგრძელებ. მე უარს ვამბობ პრეზიდენტი ზელენსკის მხარდაჭერაზე!" – დაწერა ვალენსამ Facebook-ზე 28 მაისს. 

კომენტარები