რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, კრეიგ გოლდმენმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა 2026 წლის აბრაამის შეთანხმების გაფართოების აქტი, რომელიც შეთანხმებაში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გაწევრიანებასაც ისახავს მიზნად. კონგრესმენ გოლდმენთან ერთად კანონპროექტს კიდევ 25 თანასპონსორი ჰყავს.
პრესრელიზის მიხედვით, აბრაამის შეთანხმების გაფართოების მხარდაჭერით კანონპროექტი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
"აბრაამის შეთანხმების მეშვეობით ამერიკამ მსოფლიოში გავლენის გაფართოება შეძლო. უფრო მეტი კოორდინაცია ამერიკელებისთვის არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ეს მიმართული იქნება ისეთი მტრების გავლენების წინააღმდეგაც, როგორიც ირანია." – განაცხადა კონგრესმენმა გოლდმენმა.
აბრაამის შეთანხმება 2020 წელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის შუამავლობით შეიქმნა და მისი მიზანი ისრაელსა და მუსლიმურ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება იყო. გასულ წელს ინიციატივას სიმბოლურად ყაზახეთიც შეუერთდა, მანამდე კი შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, მაროკო და სუდანი იყვნენ.
თუმცა, წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი აქტი შეთანხმებაზე პასუხისმგებელ პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს მასში ახალი ქვეყნების გაწევრიანებას ავალებს, რათა აბრაამის შეთანხმების წევრები ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებიც – საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი – გახდნენ.




