მიხეილ სააკაშვილი

ომბუდსმენი კადრებზე: დაირღვა პატიმრის ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

მიხეილ სააკაშვილი
კადრი ვიდეოდან / პენიტენციური სამსახური

სახალხო დამცველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ძალის გამოყენებით მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ომბუდსმენის შეფასებით, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა. 

"ხაზგასასმელია, რომ ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის 8 ნოემბერსვე აცხადებდა.

იუსტიციის მინისტრის ცნობით, ვიდეოჩანაწერების ნაკრების გავრცელება მიზნად ისახავდა ადვოკატის განცხადებების უარყოფას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით". - ვკითხულობთ განცხადებაში.

ომბუდსმენის ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ვიდეოჩანაწერები პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუწოდებია. შესაბამისად, ომბუდსმენისთვის გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყდა ვიდეომასალის გასაჯაროება და არა მისი სრული სახით მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის.

"სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად, გამოძიებისთვის აღნიშნული ვიდეომასალების სრულად მიწოდებასთან ერთად, შესაძლებელია შერჩეულიყო უფლების ნაკლებად მზღუდავი სხვა საშუალება.

სახალხო დამცველი მოითხოვს - იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები ორჯერ გაავრცელა. პირველად გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევს რამდენიმე ადამიანი მიხეილ სააკაშვილს პალატაში, შემდეგ კი იატაკზე ტოვებს. ამის შესახებ სააკაშვილმა სახალხო დამცველს იმავე დღეს აცნობა. კადრების გავრცელების კანონიერებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მეორე ვიდეოში კი მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ზის და ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს ამბობს

"წამიყვანეთ უკან, რუსთავის ციხეში, მე აქედან ჩემი ფეხით არ გადმოვალ, თქვენ ხართ პუტინის ჯალათი, ივანიშვილის ლეკვო". - მიმართავს ის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები