მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

AMNESTY INT.: არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ ცხადი პოლიტიკური შურისძიებაა

Georgian Journal

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

ორგანიზაცია Twitter-ის პოსტში "ცხად პოლიტიკურ შურისძიებად" მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

"საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის მე-5 კვირას, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, დაემუქრნენ; შეულახეს ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და ადეკვატური ჯანდაცვა. არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ ცხადი პოლიტიკური შურისძიებაა". –  წერს ორგანიზაცია. 


მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამავე მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები