მიხეილ სააკაშვილი

აშშ: დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოექცნენ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად

ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ყოველდღიურ ბრიფინგზე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. 

სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან და ახლაც, მათ შორის ყურადღებით გავეცანით საქართველოს სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ზრდის წუხილებს სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ. 

ამ განცხადების ფონზე ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის გადაუდებელი ფსიქიკური, თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საჭიროებები იყოს დაკმაყოფილებული. 

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაჟინებულ მოწოდებას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაიცვას იგი შეურაცხყოფისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური შეურაცხყოფისგან, მიაწოდოს შესაფერისი სამედიცინო ზრუნვა და დაიცვას მისი პერსონალური ჯანმრთელობის ინფორმაცია საქართველოს კანონთან შესაბამისობაში". – თქვა ნედ პრაისმა. 


მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამავე მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები