მიგრაცია

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება

ალექსანდრე დარახველიძე

ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, თუ პირი 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაში იმყოფება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

დარახველიძემ ამის შესახებ პარლამენტში განაცხადა, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა. 

კანონპროექტის თანახმად, შემოდის ბინადრობის ახალი კატეგორია - "საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა", რომელიც მუდმივი არ იქნება.

"სისხლის სამართლის კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. ერთი ფიქციურ ქორწინებას ეხება. ერთ საკითხს დავაზუსტებ, რომ თუკი ერთ-ერთი მხარე გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში და მისი მხრიდან ჩადენილ დანაშაულს აღირებს და ხელს შეუწყობს დანაშაულის გამოძიებას, იგი გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ანალოგიური ჩანაწერი გვაქვს ნარკოტიკებთან, იარაღთან მიმართებაში. ასე რომ, აქაც ჩნდება შანსი, რომ თუკი შეცდომაში შეიყვანეს კონკრეტული პიროვნება და ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან, იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წესდება საშეღავათო პერიოდი, ვინც იმყოფება ფიქციურ ქორწინებაში და განაცხადებს ამის შესახებ, ეს ადამიანები გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან". - განაცხადა დარახველიძემ. 

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეზე ქორწინებისას უცხო ქვეყნის მოქალაქე პირველ ჯერზე იღებდა უვადო ბინადრობის მოწმობას. ცვლილების თანახმად, ქორწინების შემდეგ ბინადრობის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით და შემდგომ ორ-ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

დარახველიძის განცხადებით, "ბინადრობის გაცემამდე, უცხოელსა და მის ქართველ მეუღლეს მოუწევთ კომისიის წინაშე გასაუბრების გავლა და თუ ამ გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ეს უკვე დასჯადი ქმედებაა და გაითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას."

მისივე თქმით, თუ დადასტურდება, რომ ქორწინება ფიქციურია, მას ბათილად ცნობენ. იმისთვის რომ მუდმივი ბინადრობის მოწმობა მოითხოვოს, აუცილებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე 5 წლის განმავლობაში იყოს საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული და დადასტურდეს, რომ ქორწინება არაა ფიქციური.

კომენტარები