საქართველო-რუსეთი

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომხდარი საკადრო ცვლილებები რეგიონის რუსეთის მიერ შესაძლო ანექსიას არ უკავშირდება.

"არა, არ შეიძლება." - უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობის ცვლილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო გაწევრიანების პროცესს უკავშირდება.

23 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა, საკუთარი პოზიცია დატოვა და ვლადიმირ პუტინის მრჩევლად დაინიშნა. მის მოვალეობას დროებით შეასრულებს რუსეთის მოქალაქე და კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, მარატ კამბოლოვი დაინიშნა.

პესკოვის თქმით, ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, თუ კონკრეტულად რა საკითხები დაევალება ალან გაგლოევს. 

"ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მოვალეობების განაწილებაში შევა შესაბამისი ცვლილებები და საჭირო დამატებები. ამის შესახებ შესაბამის დოკუმენტსაც გამოვაქვეყნებთ." -  უპასუხა კრემლის პრესსპიკერმა კითხვას, თუ რა მიმართულებით იმუშავებს გაგლოევი.

2026 წლის 9 მაისს, რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმდა შეთანხმება "რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის გაღრმავებული სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ". დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო დუმამაც დაარატიფიცირა, რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დაიკავონ ე.წ. სახელმწიფო თანამდებობები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ისევე როგორც ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს - რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში.

კომენტარები