მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: სასამართლოში მისვლა სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკია

Georgian Journal

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ვერ გადაიყვანენ. უწყება მიზეზად ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციულ მოქმედებებს", ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯაროდ გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის გარდა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება თბილისის საქალაქო სასამართლომაც მოითხოვა. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, "არც კი მსჯელობს პენიტენციური, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს სააკაშვილი პროცესზე მონაწილეობას". ადვოკატი ამბობს, რომ "მიუხედავად ტკივილებისა და სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა სურვილი, მოიკრებდა ძალებს და გადავიდოდა დღევანდელ სასამართლოში".

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე დააყენებს საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება.

"ეს უნდა აღმოფხვრას სასამართლომ, თუ უნდა, ოდნავ მაინც სახე შეინარჩუნოს. ამავდროულად, უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და დღესვე უნდა მიეცეს სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ეს არის ტესტი იმისთვის, გონს ოდნავ მაინც მოეგნენ თუ არა" - თქვა ბასილაიამ.


მიხეილ სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები