ავღანეთი

BBC: თალიბებმა ორსული პოლიციელი ქალი ოჯახის თვალწინ მოკლეს

ფოტო: SKY News

BBC-ის ინფორმაციით, თალიბმა მებრძოლებმა პოლიციელი ქალი, ბანუ ნეგარი, რომელიც ორსულად იყო, ქმრისა და შვილების თვალწინ მოკლეს. 

თვითმხილველების განმარტებით, მკვლელობის მიზეზი შურისძიება და ავღანეთის წინა ხელისუფლებასთან კავშირებია. ნაგარი წლების განმავლობაში ფიროკოჰის ციხეში მუშაობდა, სადაც ის ზედამხედველობას თალიბებსაც უწევდა. 

თალიბანი სხვადასხვა მეთოდებით აქტიურად ცდილობს გამოავლინოს ის პიროვნებები, რომლებიც აშშ-სთან დან ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ თალიბანის წარმომადგენლობის თქმით, ყველა ის ავღანელი, ვინც აშშ-ს შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდა, შეწყალებული იქნება და მათ არ დასჯიან, თუმცა ეს პირობა არ შესრულებულა და მათი დევნა ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. 

მიუხედავად ამისა, ოფიციალური თალიბანი ამ პროცესში ჩართულობას არ აღიარებს და მებრძოლების ქმედებებს უკონტროლოს და თვითნებურს უწოდებს. 

თალიბანის სპიკერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის თქმით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობას თალიბანი არ იღებს.

"ინციდენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილია და გამოძიება დაწყებულია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ის თალიბანს არ მოუკლავს". – თქვა მუჯაჰიდმა. 

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული პირები თალიბი მებრძოლები იყვნენ, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ ნეგარის მისამართი და ის შურისძიების მიზნით, დემონსტრაციულად, ოჯახის თვალწინ მოკლეს. 

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანეთში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, განსაკუთრებით კი ქალებისა და უმცირესობების მიმართ.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები