თალიბანი

ვინ რას წარმოადგენს თალიბანში – დაჯგუფების ლიდერები და მნიშვნელოვანი პირები

თალიბანი

ვინ რას წარმოადგენს თალიბანში – დაჯგუფების ლიდერები და მნიშვნელოვანი პირები

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის გამო, აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

დაჯგუფების ლიდერებზე, მათი მმართველობის პერიოდში, 1996-2001 წლებშიც კი, ცოტა რამ იყო ცნობილი, მაგრამ ჩანს თალიბანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა:

 

ჰაიბათულაჰ ახუნდზადა

ჰაიბათულაჰ ახუნდზადა თალიბანის უმაღლესი ლიდერია მას შემდეგ, რაც 2016 წელს, მისი წინამორბედი მოლა მანსურ ახტარი აშშ-ს სამხედრო დრონების თავდასხმის შედეგად პაკისტანში მოკვდა

სანამ ახუნდზადა დაჯგუფებაში დაწინაურდებოდა, ის დაბალი რანგის სასულიერო პირი იყო. 1996-2001 წლებში, როდესაც ავღანეთს თალიბანი მართავდა, ახუნდზადა სასამართლო სისტემაში მსახურობდა. შემდეგ ის პაკისტანში გაიქცა და მედრესეებში ასწავლიდა, მანამ, სანამ წინამორბედი, მანსურ ახტარი მოადგილედ დანიშნავდა. მიიჩნევა, რომ თალიბანში მისი თავდაპირველი როლი რელიგიური იყო. 

ლიდერად დანიშვნის შემდეგ, ჰაიბათულაჰ ახუნდზადას ერთგულების ფიცი სისხლით აღუთქვა ალ-კაიდას მეთაურმა, აიამან ალ-ზავაჰირიმ. ზავაჰირიმ ახუნდზადას “მორწმუნეთა ამირა” უწოდა, რაც შუა საუკუნეებში, არაბთა სახალიფოში ერთ-ერთი უმაღლესი წოდება იყო. 

როდესაც ახუნდზადა დაჯგუფების მეთაური გახდა, თალიბანში შიდა დაპირისპირება მიმდინარეობდა მას შემდეგ, რაც მანსურ ახტარი მოკლეს და ასევე გაირკვა, რომ ორგანიზაცია დამფუძნებლის, მოლა ომარის სიკვდილს წლების განმავლობაში მალავდა. ახუნდზადას თალიბანის გაერთიანება დაეკისრა.

ახუნდზადა წლებია, რაც საჯაროდ არ გამოჩენილა. 

მოლა აბდულ ღანი ბარადარი 

მოლა აბდულ ღანი ბარადარი დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის თალიბანის მთავარი პოლიტიკური ფიგურაა. ბარადარი კატარში, დოჰაში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში თალიბანის მხარეს უძღვებოდა.

ბარადარი კანდაჰარის პროვინციაში იზრდებოდა, იქ, სადაც თალიბანი წარმოიქმნა. ინტერპოლის მიხედვით, ის 1968 წელს ურუზგანის პროვინციაში დაიბადა. ასევე ცნობილია, რომ ის დურანთა ტომის პოპალზაის შტოს წარმომადგენელია. ამავე შტოს ეკუთვნოდა 2001-2014 წლებში ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი.

აბდულ ღანი ბარადარი ავღანეთში ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ მოლა ომართან ერთად იბრძოდა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ძალებმა ქვეყანა დატოვეს, სამოქალაქო ომი დაიწყო. ბარადარმა მოლა ომართან ერთად თალიბანი 1994 წელს დაარსა. დაჯგუფების შექმნისთანავე ბარადარი თალიბანის სამხედრო სტრატეგოსად და მხედართმთავრად მოიაზრებოდა. ასევე, ის განაგებდა დაჯგუფების ფინანსებს. 

“მისი ცოლი მოლა ომარის დაა. ის ფულს აკონტროლებდა. ჩვენი უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ თავდასხმებს გეგმავდა”. – ანონიმურად თქვა, BBC-სთან ღანი ბარადარის შესახებ ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა პირმა.

როდესაც 2001 წელს აშშ-ს ძალებმა ავღანეთში თალიბანის რეჟიმი დაამხეს, მოლა ბარადარი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. თალიბების ამბოხების დაწყების შემდეგ, ის დაჯგუფების მთავარ მაცოცხლებელ ფიგურად იქცა. 

მიიჩნევა, რომ ის იყო თალიბანის იმ მცირე ჯგუფის ნაწილიდან, რომელმაც 2001 წლის მარცხის შემდეგ ავღანეთის მთავრობას მოლაპარაკება შესთავაზა. 

2010 წლამდე მოლა ბარადარი საჯაროდ ნაკლებად ჩანდა. მაგრამ 2009 წელს მან თქვა, რომ თალიბანის მიზანი აშშ-სთვის რაც შეიძლება დიდი დანაკარგისა და ზიანის მიყენება იყო. ამას გარდა, დადო ფიცი, რომ ჯიჰადს იქამდე გააგრძელებდა, სანამ “მტერს საკუთარი მიწიდან არ განდევნიდნენ”. 

მოლა ბარადარი 2010 წელს პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში აშშ-სა და პაკისტანის ძალების ერთობლივი რეიდის დროს დააკავეს. ამ დროისთვის ის დაჯგუფებაში მოლა ომარის მარჯვენა ხელად და ყველაზე სანდო სამხედრო ლიდერად ითვლებოდა. 2018 წელს ის აშშ-ს თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღო. 

2019 წელს ბარადარი კატარში თალიბანის “პოლიტიკური წარმომადგენლობის” მეთაურად დაინიშნა.  მას შემდეგ, რაც 2020 წელს თალიბანსა და აშშ-ს შორის ომის დასრულება გადაწყდა, მოლა ბარადარი გახდა თალიბანის პირველი ლიდერი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს უშუალოდ ესაუბრა. სატელეფონო საუბარი მასსა და დონალდ ტრამპს შორის 2020 წლის მარტში შედგა.

სირაჯუდდინ ჰაკანი

სირაჯუდდინ ჰაკანი ანტი-საბჭოთა ჯიჰადის ერთ-ერთი მთავარი გენერლისა და ჰაკანის ქსელის დამაარსებლის, ჯალალუდდინ ჰაკანის შვილია. მას შემდეგ, რაც ჯალალუდდინი 2018 წელს დაავადებით მოკვდა, ჰაკანის ქსელის სათავეში სირაჯუდდინი ჩადგა. 

ჰაკანის ქსელი საკმაოდ ვიწრო წრეა, რომელიც განაგებს თალიბანის ფინანსურ და სამხედრო შესაძლებლობებს ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის მთიან რეგიონებში. მიიჩნევა, რომ თვითმკვლელი ტერორისტების სტრატეგია თალიბანის რიგებში მათი დანერგილია. ჯგუფს ქაბულში მომხდარ დაუნდობელ თავდასხმებში ადანაშაულებენ. 

ჰაკანის ქსელი ახლო კავშირშია ტერორისტულ დაჯგუფება ალ-კაიდასთან.

სირაჯუდდინი, გარდა იმისა, რომ ჰაკანის ქსელის ლიდერია, თალიბანის უმაღლესი მმართველის, ჰაიბათულაჰ ახუნდზადას მოადგილეც არის.

FBI-ის მიხედვით, სირაჯუდდი ჰაკანი 2008 წელს ჩართული იყო ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის მკვლელობის მცდელობაში.

სირაჯუდდინ ჰაკანი FBI-ის ძებნილთა სიაში. სირაჯუდდინის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ FBI-ის ჯილდო $5 მილიონი არის.

მოლა მუჰამედ იაკუბი

მოლა მუჰამედ იაკუბი თალიბანის დამფუძნებლის, მოლა ომარის შვილია. ის თვალს ადევნებს დაჯგუფების მოქმედებებს. მოლა იაკუბი თალიბანის სამხედრო კომისიის მეთაურია. Reuters-ი ავღანურ მედიაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოლა იაკუბი ავღანეთში უნდა იმყოფებოდეს.

Reuters-ის მიხედვით, 2016 წლამდე თალიბანის რიგებში დაჯგუფების ლიდერად მოლა იაკუბის დანიშვნა სურდათ, მაგრამ ახალგაზრდა თალიბმა პოზიცია ახუნდზადას დაუთმო, რადგან თვლიდა, რომ თავად ჯერ ზედმეტად გამოუცდელი იყო და საბრძოლო პრაქტიკა აკლდა. მოლა ომარის შვილი, სირაჯუდდინ ჰაკანისთან ერთად, ახუნდზადას მოადგილედ დაინიშნა.

მუჰამედ იაკუბი ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოჩენილა. სავარაუდოდ, მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე ქმედითი. მისი სიმბოლური წარმოჩენა თალიბანისთვის მამამისის, მოლა ომარის საკულტო პიროვნებად ქცევით არის განპირობებული.

შერ მუჰამედ აბას სტანიკზაი

შერ მუჰამედ აბას სტანიკზაი თალიბანის მთავრობის ყოფილი წარმომადგენელია. მისი საქმიანობის სფერო დაჯგუფების დიპლომატიური ფრთაა. ის კატარში, დოჰაში ათწლეულზე მეტ ხანს ცხოვრობდა. 2015 წელს სწორედ აქ გახდა დაჯგუფების პოლიტიკური ფრთის მეთაური.

ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასთან და რამდენჯერმე უხელმძღვანელა თალიბანის დიპლომატიურ დელეგაციებს უცხო ქვეყნებში. 

1996 წელს სტანიკზაი აშშ-ში კლინტონის ადმინისტრაციას ეწვია, სადაც აშშ-ს მიერ თალიბანის რეჟიმის აღიარებას ითხოვდა.

შერ მუჰამედ აბას სტანიკზაი დოჰას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

აბდულ ჰაკიმ ჰაკანი

აბდულ ჰაკიმ ჰაკანი 2020 წელს თალიბანის მოლაპარაკებების ჯგუფის მეთაურად დაინიშნა. ირონიულია, რომ დაჯგუფებამ მოლაპარაკებების ლიდერად აგრესიული შეხედულებებით ცნობილი პირი დანიშნა, რომელმაც არაერთი ფატვა (მოსაზრება რაიმე საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, მაგრამ მორწმუნე მუსლიმები პატივს სცემენ) გამოსცა. 

53 წლის აბდულ ჰაკიმი კანდაჰარის პროვინციაში დაიბადა. განათლება პაკისტანში, ჰაკანის მედრესეში მიიღო. 

Reuters-ის მიხედვით,  აბდულ ჰაკიმი ჰაიბათულაჰ ახუნდზადას ერთ-ერთი ყველაზე სანდო მოხელეა.

აბდულ ჰაკიმ ჰაკანი

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გადაანაწილებს დაჯგუფება საკუთარ მოხელეებს ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში. არსებული ინფორმაციით და თალიბანის დაპირებების მიხედვით, ახალ მთავრობაში მხოლოდ თალიბანის წევრები არ იქნებიან.

როდესაც თალიბანმა 1996 წელს ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, მის გავლენას არ ემორჩილებოდა ჩრდილოეთის ალიანსი, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ავღანეთის გადარჩენის გაერთიანებული ისლამური ფრონტი. ალიანსი 1996 წელს სამოქალაქო ომში ერთმანეთის მოწინააღმდეგეებმა, აჰმად შაჰ მასუდმა და აბდულ რაშიდ დოსტუმმა თალიბანის საპირისპიროდ შექმნეს. დღეს, 2021 წელს, ჯერჯერობით არ ჩანს ძალა, რომელიც თალიბანს წინააღმდეგობას გაუწევს, ისე, როგორც ამას ჩრდილოეთის ალიანსი აკეთებდა, თუმცა ასევე რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს ეს დაჯგუფება ავღანეთზე გავლენის სრულად მოპოვებას და ადგილობრივი სამხედრო მეთაურების დამორჩილებას. 

კომენტარები