ავღანეთი

თალიბანი პრეზიდენტის სასახლეში შევიდა

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, თალიბანმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე აიღო.

აშრაფ ღანის ხელისუფლებიდან ჩამოგდება თალიბანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.

რამდენიმე საათის წინ, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ.

CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დროებით მთავრობაში თალიბანისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციის წევრები შევლენ. 


მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადაზე გაცილებით ადრე სრულდება.

კომენტარები