ავღანეთი

თალიბანმა ქაბულში გამართული ქალთა დემონსტრაცია ცრემლსადენი გაზით დაშალა

BBC

თალიბანმა ქაბულში გამართული დემონსტრაცია ცრემლსადენი გაზისა და ე.წ. წიწაკის სპრეის საშუალებით დაშალა

დედაქალაქის ცენტრში ათობით ქალი უფლებების შეზღუდვას აპროტესტებდა და ავღანეთის ახალი ხელისუფლებისგან თანასწორუფლებიანობის აღიარებას მოითხოვდა. 

1996-2001 წლებში, თალიბანის მმართველობის დროს, ქალებს განათლების მიღება აკრძალული ჰქონდათ. გარდა ამისა, მათ სახის დაფარვის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეეძლოთ.

"25 წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში თალიბანი მოვიდა, მათ მე სკოლაში წასვლა ამიკრძალეს. მათი 5-წლიანი მმართველობის შემდეგ, მე წლების განმავლობაში ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ჩვენი უკეთესი მომავლისათვის, არ დავუშვებთ, რომ იგივე განმეორდეს". – თქვა ჟურნალისტმა აზიტა ნაზიმიმ. 

დემონსტრანტებს ხელში პლაკატები ეჭირათ, შემდეგი წარწერით: "ქალები და კაცები თანასწორები არიან", "ჩვენ 90-იანი წლების ქალები არ ვართ". 

აქტივისტთა ნაწილი ქვეყნის ახალ მთავრობაში ქალების მონაწილეობასაც მოითხოვდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით თალიბანის წარმომადგენლობამ თქვა, რომ ქალებს მთავრობის საქმიანობაში ჩართვის უფლება ექნებათ, თუმცა მაღალ თანამდებობებს ისინი ვერ დაიკავებენ. 

უკვე კვირაზე მეტია, რაც ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები და საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტების წინააღმდეგ თალიბები სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე აქტივისტს თალიბები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 

კომენტარები