ავღანეთი

თალიბებმა ქვეყნიდან გაქცევის მსურველ ჰომოსექსუალ კაცზე სექსუალურად და ფიზიკურად იძალადეს 

ჰომოსექსუალი კაცი, რომელსაც ავღანეთიდან გაქცევა სურდა, თალიბების მხრიდან სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

Business Insider-ის ინფორმაციით, თალიბებმა ის სოციალური ქსელის საშუალებით მოატყუეს და ქვეყნიდან გაქცევის გზა შესთავაზეს. დანიშნულების ადგილზე შეხვედრის შემდეგ, ის გააუპატიურეს და სცემეს. 

ავღანელი აქტივისტების თქმით, სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებზე ძალადობის მიზნით, თალიბანი აქტიურად იყენებს სოციალურ პლატფორმებს, ფორუმებსა და ჯგუფებს.

ცრუ პროფილების საშუალებით ისინი პოულობენ სამიზნეებს და შემდეგ ქვეყნიდან გაქცევის პირობით შეხვედრას უნიშნავენ, საიდანაც ნაწილი ცოცხალი ვერც ბრუნდება. 

"თალიბანი სოციალურ მედიას სექსუალური უმცირესობებისთვის ხაფანგების შესაქმნელად იყენებს". – თქვა ავღანელმა აქტივისტმა, ნემატ სადატმა. 

თალიბანის წინა მმართველობის დროს, ჰომოსექსუალ კაცებს სიკვდილით სჯიდნენ. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები