ავღანეთი

"კლეპტოკრატია მომაკვდინებელია" – როგორ მოიგო თალიბანმა წაგებული ომი

ავღანეთი

"კლეპტოკრატია მომაკვდინებელია" – როგორ მოიგო თალიბანმა წაგებული ომი

“სიმსივნის შედარება მინდა გამოვიყენო. მცირე კორუფცია კანის სიმსივნესავით არის. არსებობს მასთან გამკლავების გზები და სავარაუდოდ კარგად იქნები. კორუფცია სამინისტროებში, მაღალ დონეზე, სწორი ნაწლავის სიმსივნესავით არის. ის უარესია, მაგრამ თუ დროულად მოუვლი, ალბათ კარგად იქნები. რაც შეეხება კლეპტოკრატიას, ეს თავის სიმსივნესავით არის, მომაკვდინებელია” – ამბობდა პოლკოვნიკი კოლენდა.

რამდენიმე კვირაში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან, რამდენიმე თვეში კი აშშ-ს ძალების ავღანეთში შეჭრიდან 20 წელი გავა, თუმცა, დღეს, 2021 წელს ამ ქვეყანას კვლავ თალიბანი აკონტროლებს და მათ კვლავ გამოაცხადეს ისლამური საამირო. 20 წლის შემდეგ, ქვეყანაში კვლავ შარიათის კანონი ამოქმედდება, კვლავ შეიზღუდება ადამიანთა უფლებები და კვლავ იარსებებს იმის საშიშროება, რომ ეს ტერიტორია ტერორიზმის თავშესაფრად იქცეს.

რა დაუჯდა ავღანეთის ომი შეერთებულ შტატებს?

შეერთებულ შტატებს ავღანეთის ომი, ამჟამად ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტი საკუთარ ისტორიაში, მილიარდობით დოლარი და ათასობით სამხედროს სიცოცხლე დაუჯდა. BBC-ის Reality Check-ის მიხედვით, 2001-2020 წლებში, აშშ-მ უშუალოდ ავღანეთის კონფლიქტზე დაახლოები $978 მილიარდი დახარჯა. BBC-ის მონაცემები ეყრდნობა ბრაუნის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევას, რომლის ანგარიშებშიც 2020 წლის ფისკალური გეგმიდან გამოყოფილი თანხებიც გათვალისწინებული იყო. ამ თანხებში იგულისხმება აშშ-ს მიერ პაკისტანში ჩატარებული ანტიტერორისტული მისიების ხარჯებიც. ბოლო გამოთვლებით, დამატებითი ფინანსების ჩათვლით, აშშ-ს ავღანეთის კონფლიქტი 2 ტრილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა.

ავღანეთის ომის ხარჯები აშშ-სთვის
Aljazeera

ომს შეეწირა 2300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო და 3000-ზე მეტი ამერიკელი კონტრაქტორი. აშშ-ს გარდა, გასათვალისწინებელია მისი NATO-ს პარტნიორების ხარჯებიც. BBC-ის მიხედვით, ორმა ყველაზე დიდმა კონტრიბუტორმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, შესაბამისად, დაახლოებით 30 და 19 მილიარდი დოლარი დახარჯეს ომის განმავლობაში. მხოლოდ ამ წელს, NATO-მ $72 მილიონის ღირებულების მარაგები და აღჭურვილობა გადასცა ავღანეთის რესპუბლიკის მთავრობას. ასეთი დიდი ინვესტიციის მიუხედავად, თალიბანმა, რომელსაც ზურგს ძირითადად პაკისტანიდან უმაგრებენ, შეძლო და სულ რამდენიმე დღეში თითქმის მთელს ავღანეთზე კონტროლი მოიპოვა. 

მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის განმავლობაში დასავლეთი მილიარდობით დოლარს ხარჯავდა ავღანეთის მთავრობისა და მისი ეროვნული არმიის გაძლიერებისთვის, რადიკალმა ისლამისტებმა ელვის სისწრაფით, ერთმანეთის მიყოლებით აიღეს ქვეყნის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქები, დედაქალაქი, ქაბული თალიბანს უბრძოლველად ჩაბარდა, პრეზიდენტი აშრაფ ღანი, რომელსაც დაჯგუფებასთან მოლაპარაკებებში უნდა მიეღო მონაწილეობა, ქვეყნიდან გაიქცა და ახლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. თალიბთა თქმით, ომი დასრულებულია და თავს ამერიკაზე გამარჯვებულებად აცხადებენ.

ცხადი სტრატეგიისა და მიზნების არარსებობა

საინტერესოა ის ფაქტორები, რამაც ავღანეთში შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების მარცხი გამოიწვია. 2019 წელს, The Washington Post-მა გამოაქვეყნა მასალები “ავღანეთის დოკუმენტები”, სადაც მოცემული იყო ავღანეთის ომის საკითხთან ახლოს მდგომი სამხედრო პირებისა და პოლიტიკოსების ჩანაწერები. მათ შორის იყო ინტერვიუების კრებული, სახელად “ნასწავლი გაკვეთილები”. ავღანეთის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ომში აშშ-ს სტრატეგია იყო. 2001 წელს, როდესაც აშშ-ს ძალები ავღანეთში შეიჭრნენ, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა ომი ტერორიზმზე, მაგრამ წლების განმავლობაში იცვლებოდა აშშ-ს სტრატეგია და მიზნები, როგორც ამას Washington Post-ის გასაჯაროებული დოკუმენტები აჩვენებს.

“ავღანეთ-პაკისტანის სტრატეგია ნაძვის ხის ქვეშ დადებული საჩუქარივით იყო. როდესაც დაასრულებდი [სტრატეგიაზე მუშაობას] იმდენი პრიორიტეტი და ამბიციები გქონდა, რომ ეს ყველაფერი სტრატეგიას საერთოდ აღარ გავდა” – 2015 წელს, ობამას ადმინისტრაციის მმართველობის დროს, ამბდობდა მთავრობისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს ოფიციალური პირი, რომლის ვინაობაც ანონიმურია. 

მსგავს ინტერვიუებსა და ჩანაწერებში ჩანდა გაურკვევლობა: ვინ იყო მტერი ავღანეთში? თალიბანი თუ ალ-კაიდა? პაკისტანი მეგობარი იყო თუ მოწინააღმდეგე? და ა.შ. საბოლოო ჯამში, თავად საბრძოლო პოზიციებზე მყოფი ამერიკელი სამხედროებიც ვერ იგებდნენ ვინ იყო მეგობარი და ვინ მტერი. “მათ [სამხედროებს] ეგონათ რუკით მივიდოდი და ვაჩვენებდი სად ცხოვრობენ კარგი და ცუდი ადამიანები. რამდენიმეჯერ დამჭირდა მათთან საუბარი, რათა გაეგოთ, რომ მე ეს ინფრომაცია არ მქონდა. თავიდან ისინი აგრძელებდნენ ამ კითხვის დასმას: კიმაგრამ, ვინ არიან ცუდი ტიპები? სად არიან?” –ამბობდა ავღანეთში მყოფი სპეციალური ძალების მრჩეველი მთავრობისთვის ანონიმურად მიცემულ ინტერვიუში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ოფიციალური პირები საჯარო გამოსვლებში ავღანეთის მისიის წარმატებულობაზე საუბრობდნენ.

ამერიკელი სამხედრო და ავღანელი ბავშვები კანდაჰარში
US Army

ავღანეთის მთავრობის კორუფცია და კლეპტოკრატია

აშშ-ს სტრატეგიის გარდა, ყველაფერს ართულებდა ავღანეთის მთავრობის კორუფციული სახე. ეს წლების მანძილზე აბსოლუტურად უთხრიდა ძირს ამერიკისა და მისი პარტნიორების ამ ქვეყანაში ჩადებული თანხებით წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. კიდევ უფრო ართულებდა აშშ-სთვის სწორი სტრატეგიის შერჩევას. როდესაც 2001 წელს აშშ ავღანეთში შეიჭრა და თალიბანის რეჟიმი დაამხო, ფაქტობრივად, ავტომატურად ჩაერთო ერის შენების პროცესში და დაიწყეს ამ პროცესის დაფინანსება, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე, ყოველი პრეზიდენტი ამბობდა, რომ ეს ავღანეთში აშშ-ს მიზანი არ იყო. რეალურად დასავლეთის თანხების დიდი ნაწილი ზუსტად ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოხელეების კორუფციის მსხვერპლი ხდებოდა.

კორუფციაზე საუბარი ზემოხსენებულ “ავღანეთის დოკუმენტებშიც” არის. ჩანაწერებში შენახული იყო პოლკოვნიკი კრისტოფერ კოლენდას 2006 წლის სიტყვები, რომ ავღანეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის მთავრობა “თვითორგანიზდა კლეპტოკრატიად”. “სიმსივნის შედარება მინდა გამოვიყენო. მცირე კორუფცია კანის სიმსივნესავით არის. არსებობს მასთან გამკლავების გზები და სავარაუდოდ კარგად იქნები. კორუფცია სამინისტროებში, მაღალ დონეზე, სწორი ნაწლავის სიმსივნესავით არის. ის უარესია, მაგრამ თუ დროულად მოუვლი, ალბათ კარგად იქნები. რაც შეეხება კლეპტოკრატიას, ეს თავის სიმსივნესავით არის, მომაკვდინებელია” –ამბობდა პოლკოვნიკი კოლენდა, რომელიც ავღანეთში რამდენჯერმე იყო განწესებული და ავღანეთის ომის სამი გენერლის მრჩეველად უმუშავია. 

კორუფციულობამ მთავრობას ფაქტობრივად ლეგიტიმურობა დააკარგვინა. იმის დანახვაზე თუ მოსამართლეები და პოლიციის უფროსები როგორ იღებდნენ ქრთამებს, ბევრმა მხარი თალიბანს დაუჭირა.

როგორც ჩანს, კორუფციის დონე თანდათან მძიმდებოდა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს უკვე გამოუსწორებლად სავალალო იყო. “ჩვენი უდიდესი პროექტი, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ და მოულოდნელად, შესაძლოა, მასობრივი კორუფციის განვითარება იყო. როდესაც იქ ვიყავი და ვნახე [კორუფციამ] რა დონეს მიაღწია, მისი გამოსწორების შესაძლებლობა დაუჯერებლად რთულსა და აბსოლუტურად შეუძლებელს შორის იყო” – ამბობდა რაიან კროკერი, რომელიც ქაბულში დიპლომატად იყო გაგზავნილი ჯერ 2002, შემდეგ 2011-2012 წლებში. 

ჰამიდ კარზაი

კარზაისა და მისი მოკავშირე მებრძოლი გამგებლების სისტემა იმდენად კორუმპირებული და დანარჩენ ავღანელთა მიმართ იმდენად უსამართლო იყო, რომ სხვადსახვა ტომები და მათი ბელადები ხშირად პარტნიორების შეცვლას ამჯობინებდნენ და თალიბანის მხარეს გადადიოდნენ. ზოგჯერ ამერიკელ და დანარჩენ დასავლელ სამხედროებს ერთი ტომი მეორეს წინააღმდეგ პირადი მიზნების გამო იყენებდა. უსამართლობის გამო მხარეების შეცვლის მაგალითია ბელადი რაის ბაღრანი, ალიზაის ტომის ლიდერი. 2005 წელს, ბაღრანი ერთ-ერთმა სხვა მებრძოლმა ბელადმა განაიარაღა და ტერიტორიები წაართვა. ამის შემდეგ ბაღრანიმ საკუთარი დარჩენილი ტერიტორიების ნაწილი თალიბანს გადასცა და რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებასთან ალიანსში შევიდა. ბაღრანის მაგალითი მხოლოდ ერთი შემთხვევაა. იგივე პრობლემების გამო სხვა ბელადებსაც მოუწიათ მსგავსი არჩევნის გაკეთება. 

შესაბამისად, როდესაც კორუფციის პრობლემას ტომობრივი წყობის სისტემაც ემატებოდა, ვითარება კიდევ უფრო რთულდებოდა. ავღანეთში რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი და უამრავი ტომია, ტომებში კი ცალ-ცალკე შტოები. მსგავსი წყობის წარმომადგენლები ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. ამიტომაც, ასეთი საზოგადოებისთვის ცენტრალიზებული მთავრობა, რომელსაც აშშ აყალიბებდა ზედმეტად უცხო რამ იყო. სხვათაშორის, ამაზე საუბარი “ავღანეთის ფაილებშიც” არის. 

“ჩვენი პოლიტიკა ძლიერი ცენტრალიზებული მთავრობის შექმნა იყო, რაც იდიოტობაა, რადგან ავღანელებს ძლიერი ცენტრალიზებული მთავრობა არასდროს ჰყოლიათ. ძლიერი ცენტრალიზებული მთავრობის შესაქმნელად 100 წელია საჭირო, რაც ჩვენ არ გვქონდა” –ამბობდა მთავრობისთვის მიცემულ ინეტრვიუში ანონიმური ოფიციალური პირი, 2015 წელს. ეს შენიშვნა რაღაც დონეზე მართალია, რადგან საუკუნეების განმავლობაში ავღანელებს მხოლოდ ტრაიბალიზმის (ტომობრივი წყობის), მონარქიზმის, კომუნიზმისა და ისლამიზმის გამოცდილება ჰქონდათ. 

ავღანეთის ეთნიკური ჯგუფები და ტომები
აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტო (CIA)

სიტუაცია არც აშრაფ ღანის მთავრობის დროს შეცვლილა. პრეზიდენტ ღანისა და მის ახლო პირებს, უსაფრთხოების მრჩეველ ჰამდულა მოჰიბსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის მეთაურს, ფაზალ მაჰმუდ ფაზლის “სამკაციან რესპუბლიკას” ეძახდნენ. ამას გარდა, მის მთავრობას ბრალად სდებდნენ 2020 წლის არჩევნების გაყალბებას, რაც მის ლეგიტიმაციას ძირს უთხრიდა. ამას კარგად იყენებდა თალიბანი, საკუთარი პროპაგანდისთვის. როგორც Foreign Policy-სთან ქაბულში მყოფი ომისა და მშვიდობის შესწავლის ინსტიტუტის დამაარსებელმა, ენაიათ ნაჯაფიზადამ დედაქალაქის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა: “ავღანეთის მთავრობასა და ხალხს შორის ხიდჩატეხილობაა. პოლიტიკა და სტრატეგიები ძალიან დისკრიმინაციული, გაუცხოების გამომწვევი და ვიწრო თვალთახედვის არის. ღანი ამბობს, რომ ამ ქვეყანას კარგად იცნობს. შეიძლება თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში წარუმატებელია”.

პაკისტანის ფაქტორი

ავღანეთის ომზე დიდი გავლენა იქონია პაკისტანის ფაქტორმაც. პაკისტანი 1996-2001 წლებში იყო ერთ-ერთი იმ ცოტა ქვეყნიდან, რომელმაც თალიბანის მთავრობა აღიარა. ამას გარდა, ეს სახელმწიფო 2001 წლამდე ღიად ეხმარებოდა რადიკალურ დაჯგუფებას. 

პაკისტანს ავღანეთში რამდენიმე ინტერესი აქვს. გარდა იმისა, რომ ამ რეგიონს ინდოეთის, პაკისტანის მთავარი მტრის წინააღმდეგ სტრატეგიულ სიღრმედ თვლიან, მნიშვნელოვანია ეთნიკური ჯგუფების საკითხის გათვალისწინებაც. ავღანელების უმეტესობა პუშტუნები არიან. პუშტუნთა ეთნიკური ჯგუფი პაკისტანშიც ცხოვრობს. ისინი აქ სიდიდით მეორე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ და მოსახლეობის, დაახლოებით, 15.4% არიან. აღსანიშნავია, რომ თალიბანის მებრძოლების უმრავლესობა, სწორედ პუშტუნთა ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის. პაკისტანის ერთ-ერთი შიში პუშტუნთა ეთნიკური ჯგუფის ინდოეთის მიერ მათ საწინააღმდეგოდ გამოყენებაა. მათთვის საშიშია პუშტუნური ნაციონალიზმის გამძაფრება, რამაც შეიძლება ამ ჯგუფის ირედენტიზმისა და სეპარატიზმის სურვილები წაახალისოს. 

ამიტომაც პაკისტანი ამ ჯგუფზე გავლენის მოხდენას წლების განმავლობაში ავღანეთის მეშვეობით ცდილობდა, მათი ყურადღებისა და ენერგიის ამ რეგიონში გადატანით. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისლამაბადის სურვილი პუშტუნებში ისლამიზმის წახალისება იყო, რათა რელიგიურ იდენტობას ეროვნულ იდენტობაზე მაღალი საფეხური დაეკავებინა. თუმცა ამ პოლიტიკას გვერდითი ეფექტებიც ჰქონდა. პაკისტანი ვერ აკონტროლებდა დასავლეთ რეგიონებს, რომლებიც ავღანეთს ესაზღვრება. აქ მოქმედებდა მრავალი ტერორისტული დაჯგუფება, მათ შორის ალ-კაიდაც. დასავლეთ რეგიონები პაკისტანისთვის დღემდე პრობლემად რჩება.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრის საწინააღმდეგო აქცია პაკისტანში, 2001 წელი

2001 წელს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მოწოდების შემდეგ, პაკისტანის პრეზიდენტმა, პერვეზ მუშარაფმა თალიბანის დაფინანსება ოფიციალურად შეწყვიტა. თუმცა ეს ფაქტობრივად მისი ორმაგი თამაშის ნაწილი იყო. გამოცემა The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა თავად აღიარა, რომ მისი ადმინისტრაცია მიზანმიმართულად უთხრიდა ძირს ჰამიდ კარზაის მთავრობას. მისი განმარტებით, ეს პოლიტიკა კვლავ ინდოეთის საფრთხით იყო განპირობებული. “[ჰამიდ კარზაი] ინდოეთს დაეხმარა პაკისტანისთვის ზურგში ლახვარი ჩაეცა” – თქვა მუშარაფმა. ჰამიდ კარზაის მთავრობაში მრავალი გავლენიანი პირი ეთნიკური ტაჯიკი იყო, ასევე ავღანეთის პრეზიდენტს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ინდოეთთან. 

მუშარაფის თქმით, ავღანეთში ინდოეთსაც და პაკისტანსაც ჰყავდათ მარიონეტული ძალები. მეტიც, 2001 წლის შემდეგ პაკისტანის დაზვერვა თალიბანს კვლავ ეხმარებოდა, ამბობს ყოფილი პრეზიდენტი. “პრეზიდენტი კარზაის მთავრობა ზიანს აყენებდა პაკისტანს, შესაბამისად ჩვენ მისი ინტერესების წინააღმდეგ ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესი უნდა დაგვეცვა” – ამბობდა მუშარაფი. “რა თქმა უნდა, ინდოეთის პაკისტანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების საპირისპიროდ რაღაც ჯგუფებს ვეძებდით. სწორედ აქ იწყება დაზვერვის სამუშაო. დაზვერვა თალიბანს ეკონტაქტებოდა. მათ ნამდვილად ჰქონდათ კონტაქტი და უნდა ჰქონდეთ კიდეც” – თქვა მუშარაფმა The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 2015 წელს. 

ყოფილმა პრეზიდენტმა ამ ინტერვიუში ფაქტობრივად სიმართლე აღიარა, თუმცა სიტყვა “კონტაქტი” თალიბანისა და პაკისტანის ურთიერთობას ბოლომდე ვერ ასახავს. ეს ქვეყანა ცალი ხელით აშშ-სა და NATO-ს მოკავშირეებს ეხმარებოდა, მეორეთი კი თალიბანს. პაკისტანის დაზვერვამ საკუთარი ქვეყნის დასავლეთში თალიბანს ფაქტობრივად თავშესაფარი მისცა, სადაც ავარჯიშებდნენ და საბრძოლო რჩევებს აძლევდნენ. ეხმარებოდნენ წევრების რეკრუტირებაშიც. როდესაც 2006 წელს თალიბანი კვლავ მოძლიერდა და მათი თავდასხმებიც უფრო გააქტიურდა, მათი რიგებიდან უმეტესობა პაკისტანში დევნილი ავღანელებისგან იყო დაკომპლექტებული.

პერვეზ მუშარაფი

 

სად გაქრა 300 000 კარგად შეიარაღებული სამხედრო?

ავღანეთის არმია, რომლის განვითარებაშიც აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა მილიარდობით დოლარი ჩადეს, ისლამური რესპუბლიკისთვის გადამწყვეტ მომენტში უბრალოდ აორთქლდა. ქალაქების დიდი ნაწილი ავღანელმა სამხედროებმა სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე დათმეს. 

ჯერ კიდევ ივლისში, აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, იყო თუ არა თალიბანის გამარჯვება გარდაუვალი. პრეზიდენტმა კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა, ჟურნალისტი კი ჩაეძია და ჰკითხა, თუ რატომ ფიქრობდა ასე. “რადგან ავღანეთს კარგად შეიარაღებული 300 000 სამხედრო ჰყავს, ისევე კარგად აღჭურვილი, როგორც მსოფლიოს ნებისმიერი სხვა არმია. ჰყავთ საჰაერო ძალებიც, სულ რაღაც 75 000 თალიბის წინააღმდეგ” –უპასუხა ჟურნალისტს პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ჩნდება კითხვა, სად იყო ავღანეთის 300 000 კაციანი არმია, როდესაც 75 000-იოდე თალიბმა დედაქალაქი ქაბული, იქამდე კი ერთ ღამეში სხვა უდიდესი ქალაქები დაიკავა? საქმე ის არის, რომ ომში გამარჯვება მხოლოდ ჯარისკაცების რაოდენობაზე არაა დამოკიდებული, როგორც ეს პრეზიდენტმა ბაიდენმა გაამარტივა. ავღანეთის არმიას ორი დიდი პრობლემა ჰქონდა.

სამხედროების მოტივაცია 

პირველი პრობლემა სამხედროების მოტივაცია იყო. ავღანეთის ეროვნულ არმიასა და პოლიციას არ გააჩნდა არანაირი შემართება თალიბანის საწინააღმდეგოდ. Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში – “როგორ იქცა კარგი ომი ცუდად”,  რეგიონის ექსპერტსა და აშშ-ს ყოფილ სამხედრო მრჩეველს, კარტერ მალკასიანს ამ პრობლემის მაგალითად მოჰყავს ავღანეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის კვლევა. გამოკითხული იყო პოლიციის 1657 ოფიცერი, 11 სხვადასხა პროვინციაში. აქედან მხოლოდ 11 პროცენტი გაერთიანდა პოლიციაში თალიბანთან ბრძოლის მიზნით. დანარჩენი უმრავლესობა მიზეზად ქვეყნის სამსახურს ან ხელფასს ასახელებდა, რაც, როგორც კარტერ მალკასიანი ამბობს, ნაკლები მოტივაციაა იმისთვის, რომ სამხედრომ თავგანწირვით იბრძოლოს. 

კარტერ მალკასიანი ამავე სტატიაში იხსენებს ჰელმანდის პროვინციის ერთ-ერთ გენერალთან 2016 წელს შემდგარ საუბარს: “ისინი გაიქცნენ! ორიათასი კაცი. ყველაფერი ჰქონდათ, რაც სჭირდებოდათ: რაოდენობა, იარაღები, ტყვია-წამალი – და ისინი დანებდნენ!”. ჰელმანდის პროვინციაში 1800-მა თალიბმა 4500 ავღანელი სამხედრო დაამარცხა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც 2015 წელს თალიბანის თავდასხმები უფრო ეფექტური და აქტიური გახდა და ნელ-ნელა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება დაიწყეს. მაშინ პროვინციების დიდი ნაწილი მხოლოდ აშშ-სა და ავღანეთის სპეციალური ძალების დამატებითმა დამხმარე რაზმებმა გადაარჩინეს.

ქაბულის დაცემამდე, წინა კვირებში ავღანელი სამხედროები ამბობდნენ, რომ აშრაფ ღანის მთავრობისთვის არ იბრძოლებდნენ. ბრძოლისთვის მოტივირებული და გამოცდილი სამხედროები, მხოლოდ ავღანეთის კომანდოს წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა მათი რიცხვი ცოტა იყო, თანაც კომანდოების გადასროლა ფრონტიდან ფრონტზე ხდებოდა, რაც მათ ღლიდა. Foreign Policy-სთან სამხედრო ოპერაციების ანალიტიკოსმა, ჯონათან შროდენმა თქვა: “როგორც გამოჩნდა, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს, არა კომანდოებს, ხანგრძლივი ბრძოლისთვის მონდომება და შესაძლებლობა არ აქვთ. თუკი მათ არ სწამთ ან არ უნდათ იმის გაკეთება, რისთვის ბრძოლასაც სთხოვენ, ისინი უბრალოდ არ იბრძოლებენ”.

ავღანელი სამხედრო ქაბულში, 2021 წლის 21 აპრილი
Reuters

ამ დროს რა ხდება საპირისპირო მხარეს? მაგალითს კვლავ მალკასიანის გამოცდილებიდან მოვიყვან. ის იხსენებს კანდაჰარის პროვინციაში თალიბანის რელიგიურ მოძღვართან 2019 წელს შემდგარ საუბარს. “თალიბანი რწმენის, ჯანათისა (სამოთხე) და ღაზის (წარმართების ხოცვა) გამო იბრძვის… არმიან და პოლიცია ფულის გამო იბრძვიან… თალიბები მზად არიან ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგონ… არმია და პოლიცია როგორ შეედრება თალიბანს?” – ჰკითხა მალკასიანს თალიბანის სასულიერო პირმა. 

თალიბანის სასულიერო პირის სიტყვებში, რეალურად ბოლოდმდე არ ჩანს ის მთავარი მოტივაცია, რის გამოც თალიბები უფრო მონდომებულად იბრძოდნენ, ვიდრე ავღანეთის არმიისა და პოლიციის წევრები. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრიდან მოყოლებული, მუჯაჰიდთა ყველა მოძრაობას ნაციონალისტური ელემენტები ჰქონდა, რამაც ნელ-ნელა რადიკალური ისლამიზმისკენ იცვალა სახე. მუჯაჰიდებების დაჯგუფებები საბჭოთა კავშირის ძალებთან ბრძოლას ისე უყურებდნენ, როგორც დამყრობლისა და ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლას. იგივე განმეორდა თალიბანისა და ამერიკის შემთხვევაშიც. თალიბანის პროპაგანდას აშშ და მისი პარტნიორები დამყრობლებად და ოკუპანტებად გამოჰყავდა, დაჯგუფება აშშ-ს ყოველ აცდენილ ბომბებსა და რაკეტებს სასიკეთოდ იყენებდა.

თალიბები ღანიხელის რაიონში, 2018 წლის 16 ივნისი
Reuters

კვლავ კორუფცია და მიმთვისებლობა

თუმცა მხოლოდ მოტივაციის არქონით ვერ აიხსნება როგორ გაქრა დღეებში “300 000 კარგად აღჭურვილი” სამხედრო. მეორე პრობლემა, რომელიც ავღანეთის არმიას ჰქონდა, ზემოხსენებული კორუფცია იყო. პირველ რიგში, საკითხავი ის არის, მართლა არსებობდა თუ არა 300 000 სამხედრო ავღანეთის თავდაცვის ძალებში. ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური გენერალური ინსპექციის (SIGAR) მიხედვით, 2020 წელს პოლიციისა და სამხედროების 50-70% “მოჩვენება ჯარისკაცი” იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფურცლებზე მყოფი სამხედროების დიდი ნაწილი უბრალოდ არ არსებობდა. ეს მხოლოდ 2020 წლის პრობლემა არ ყოფილა. ამაზე საუბარი ზემოხსენებულ “ნასწავლი გაკვეთილების” ინტერვიუებშიც იყო. ეს ტყუილი ავღანეთის არმიის გენერლებს ჯარისკაცების ხელფასისთვის გაღებული ამერიკელების ფულის მისათვისებლად სჭირდებოდათ. 

სამხედროებისთვის საკვებისა და მარაგების მიწოდებაზე კორუფციული სისტემის გამო არანაკლები პრობლემები იქმნებოდა. მაგალითად, როგორც The New York Times იუწყება, ბოლო მოვლენების დროს, კანდაჰარის დაცვისას, რამდენიმეკვირიანი ბრძოლების შემდეგ, პოლიციის შენაერთების დღიურ საკვებად თითო ყუთ კარტოფილს გზავნიდნენ. ბრძოლისა და შიმშილისგან დაღლილ სამხედროებს დღეების განმავლობაში სხვადასხვაგვარად მომზადებული კარტოფილის მეტი არაფერი უჭამიათ. “ეს კარტოფილი ფრი ფრონტის ხაზს ვერ დაიჭერს” – ყვიროდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც შეშფოთებული იყო, თუ გენერლები როგორ არ გამოხატავდნენ მხარდაჭერას ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის მცველების მიმართ. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს გასამხედროებული პოლიციელები, თუნდაც ნაკლები მოტივაციით, მაგრამ მაინც იცავდნენ ფრონტის ხაზებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ხელფასებს არ ურიცხავდა, თავდაცვის სამინისტრო კი, მათ და სამხედროებს აღჭურვილობასა და მარაგებს არ უგზავნიდა. ეს ყველაფერი შემდეგ შავ ბაზარზე იყიდებოდა. ამიტომაც, ბევრმა ჯარისკაცმა, რომლებიც სახლიდან შორს იყვნენ განწესებული, ფრონტი დატოვა და ოჯახისა და კერძო საკუთრების დასაცავად დაბრუნდა.

სამხედრო ოპერაციების ანალიტიკოსმა, ჯონათან შროდენმა, ქაბულის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს პრობლემაც ახსენა: “ყველა პოსტი და გამშვები პუნქტი არ მიუტოვებიათ. ბევრმა სცადა დაცვა, მაგრამ მათ საკვები და ტყვია-წამალი ელევათ. ისინი მარაგების შევსებას, დამატებით ძალებსა და საჰაერო იერიშებს ითხოვენ და ხშირად მათ ვერ იღებენ. ამიტომაც გარბიან”.

ავღანეთის არმიის ახალწვეულები, 2009 წელი
The Washington Post

ავღანელი გენერლები, ბოლო მოვლენების დროს, მთავრობის მიერ, ელვის სისწრაფით იცვლებოდნენ ფრონტიდან ფრონტზე, ისე, რომ ზოგი მათგანი იმ რეგიონს, რომლის დაცვაც ევალებოდათ, არც კი იცნობდა კარგად. ამ ყველაფერმა სიტუაცია გააუარესა.

კორუფცია, მითვისება და ქურდობა ყველა სტრუქტურის სისტემური ნაწილი იყო, როგორც დიდი, ისე მცირე მასშტაბებით. სამინისტროების უპასუხისმგებლობის შემდეგ, არც არის გასაკვირი, რომ სამხედრო რესურსების მითვისება უბრალო, რიგით სამხედროებსა და პოლიციელებშიც ყოველდღიურობის ნაწილი იყო. მაგალითად, “ნასწავლი გაკვეთილების” ინტერვიუებში ზოგი ამერიკელი მაღალი რანკის სამხედრო პოლიციის რეკრუტებს “სულელ ქურდებს” უწოდებდა და მათ აშშ-ს ძალების საწვავის რეგულარულად პარვაში სდებდა ბრალს. 

ბაიდენის საგარეო პოლიტიკის შედეგები

მთელი ეს ფაქტორები თალიბანის წისქვილზე მუდამ ასხამდა წყალს, თუმცა მოვლენების ელვის სისწრაფით განვითარების კატალიზატორი პრეზიდენტი ბაიდენის საგარეო პოლიტიკა იყო. 17 აგვისტოს აშშ-ს ყოფილმა, ტრამპის ადმინისტრაციის დროინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გამოცემა The Wall Street Journal-ში აშშ-ს მიერ ავღანეთის დატოვებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. მოსაზრებაში პენსმა კარგად ვერ ჩამოაყალიბა თუ როგორ არ იქნებოდა ქაბულის დაცემა გარდაუვალი ტრამპის ადმინისტრაციის მთავრობაში ყოფნის შემთხვევაში, თუმცა საკმაოდ სწორი შენიშვნა გააკეთა ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკაზე, მაისში, ისრაელში მიმდინარე მოვლენების მაგალითით. 

“მათ (თალიბებმა) იცოდნენ, რომ ამ პრეზიდენტისგან ძალის საშიშროება არ არსებობდა. მათ ნახეს, თუ როგორ დაუხარა მან თავი ანტისემიტურ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორიცაა ჰამასი, აღადგინა პალესტინის მთავრობისთვის მილიონობით დოლარის დახმარება და უბრალოდ იჯდა, როდესაც ისრაელის მოქალაქეებს ათასობით რაკეტა აწვიმდათ” – წერს პენსი. 

მართლაც, ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს უპირველესი პარტნიორის, ისრაელის წინაშე სისუსტე გამოიჩინა და მისგან ქმედითი, მტკიცე მხარდაჭერის გამომხატველი ნაბიჯი არ გადადგმულა, როდესაც ჰამასი და სხვა პალესტინური დაჯგუფებები ებრაულ ქალაქებს ათასობით რაკეტას ესროდნენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხედავდა თალიბანი და არც ის არის დამთხვევა, რომ მათ აქტიური თავდასხმები სწორედ ამ მოვლენების შემდეგ წამოიწყეს. ისრაელისა და ღაზის სექტორის 11-დღიანი კონფლიქტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი გამოცდა იყო, რომელიც წარმატებით ვერ ჩააბარეს.

იმის გარდა, რომ ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა, აშშ-ს მარცხი ავღანეთში რეგიონში სავარაუდოდ ჩინეთის პოზიციებს გაამყარებს. ჩინეთს თალიბანთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული ჰქონდა. მათ ინტერესში შედის, რომ თალიბებმა საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაუშვან ტერორისტული დაჯგუფება თურქისტანის ისლამური პარტიის მოქმედება, რათა მათ ტერაქტები არ განაახლონ სინძიანგის რეგიონში, სადაც უიღურთა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობაც მუსლიმია. ასევე, ჩინეთის ეკონომიკურ გეგმებში აქვს რამდენიმე სავაჭრო გზის გაყვანა ავღანეთის გავლით. ამ პროექტის განხორციელება წინა მთავრობასთან არ გამოვიდა, რადგან ამ უკანასკნელებს ვაშინგტონთან ურთიერთობის გაფუჭების ეშინოდათ. 

თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მოლა აბდულ ღანი ბარადარის ვიზიტი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან. ჩინეთი. 2021 წლის 28 ივლისი.

თალიბანს, თავის მხრივ, სჭირდება საერთაშორისო პარტნიორები, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ამ ჯერად 1996-2001 წლებისგან განსხვავებით, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მათთან პარტნიორობსი გზას აღარ აირჩევენ (ამ ორ სახელმწიფოს თალიბანის რეჟიმი აღიარებული ჰყავდა). ამიტომაც, სამეზობლოში ჩინეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი, მათთვის არც თუ ისე ცუდი მოკავშირე იქნება. 

რა თქმა უნდა, ჩინეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც თალიბანის მსგავს დაჯგუფებას მარტივად ენდობა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ცხადად ჩანს დაჯგუფების პოლიტიკურ და სამხედრო ფრთებს შორის შეუთავსებლობა. თუმცა პეკინის პოლიტიკას დრო განაპირობებს. ამ ეტაპზე, თალიბანის პოლიტიკური ნაწილი ჩინეთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს, თუნდაც გასულ დღეებში, სპიკერი სუჰაილ შაჰინი იმაზე საუბრობდა, თუ როგორ შეუძლია ჩინეთს ავღანეთის განვითარებაში წვლილის შეტანა. აქამდე, 2021 წლის ივლისში კი, ამავე სპიკერმა ჩინეთს მეგობრული ქვეყანა უწოდა

ჩინეთის გარდა, თალიბანის დიპლომატიური დელეგაცია მოსკოვშიც იყო, თუმცა რუსეთს, ჩინეთთან შედდარებით, ამ ეტაპზე რეგიონში ჩინეთზე ნაკლები ინტერესი აქვს. მოსკოვისთვის ჯერჯერობით მთავარი ის არის, რომ ავღანეთის თალიბანიზაციამ საფრთხე არ შეუქმნას მის ინტერესის სფეროს – ცენტრალური აზიის ქვეყნებს.


20 წლის შემდეგ, ავღანეთი კვლავ ისლამურ საამიროდ გამოცხადდა და ისევ შარიათის კანონი დაწესდა. მართალია ავღანეთის მთავრობა თალიბებმა სერიოზული ბრძოლის გარეშე გადააგდეს, თუმცა მათ რეჟიმს ყველაფერი წინ აქვს. თალიბანმა ძალაუფლების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეფექტური მმართველობა 1996-2001 წლებში ვერ შეძლო. ეს პრობლემები მათ კვლავ შეექმნებათ, თანაც უკვე არსებობს წინააღმდეგობის კერები. დაჯგუფებამ ავღანეთში გამარჯვება ნაადრევად გამოაცხადა, მათ მხოლოდ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა დაამარცხეს.

კომენტარები