ავღანეთი

მედია: პანჯშირში ჩრდილოეთის ალიანსის დროშა ფრიალებს – თალიბანის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

პანჯშირში ჩრდილოეთის ალიანსის დროშა ფრიალებს
Hindustan Times

ინდური მედიის ცნობით, ავღანეთის უკანასკნელ რეგიონში, რომელიც თალიბანის კონტროლს მიღმაა დარჩენილი, რადიკალური დაჯგუფების მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

სოციალურ ქსელ Twitter-ზე გავრცელდა ფოტო, რომელშიც, დახასიათების მიხედვით, პანჯშირის რეგიონში ჩრდილოეთის ალიანსის დროშაა აღმართული. ჩრდილოეთის ალიანსი, ოფიციალურად ცნობილი როგორც ავღანეთის გადარჩენის გაერთიანებული ისლამური ფრონტი, ავღანეთის სამოქალაქო ომის დროს თალიბანის მთავარი მოწინააღმდეგე იყო. თალიბანი 1996-2001 წლებში ვერ აკონტროლებდა ჩრდილოეთის ალიანსის ტერიტორიებს. 

ალიანსი 1996 წელს სამოქალაქო ომში ერთმანეთის მოწინააღმდეგეებმა, აჰმად შაჰ მასუდმა და აბდულ რაშიდ დოსტუმმა თალიბანის საპირისპიროდ შექმნეს.

პანჯშირის რეგიონს, დღეს, აჰმად შაჰ მასუდის შვილი, აჰმად მასუდი უძღვება. ინდური მედიის ცნობით, მის გარშემო, პანჯშირის ხეობაში იკრიბებიან ავღანეთის არმიის წარმომადგენლები, რომლებმაც თალიბანს თავი აარიდეს. 

ასევე ინდური მედიის ცნობით, პანჯშირში ჩავიდა ვიცეპრეზიდენტი ამრულაჰ სალეჰი, რომელმაც თავი ავღანეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. ინდური მედია იუწყება, რომ აჰმედ მასუდი და ავღანეთის წინა მთავრობის თავდაცვის მინისტრი, ბისმილაჰ მუჰამედი სალეჰის მხარდაჭერას აპირებენ. 

პანჯშირის რეგიონს ყველა მხრიდან თალიბანის კონტროლირებადი ტერიტორია აკრავს.

15 აგვისტოს ამრულაჰ სალეჰმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა:

"მე არასდროს, არც ერთ შემთხვევაში თალიბი ტერორისტების წინაშე ქედს არ მოვიხრი. მე არასდროს ვუღალატებ ჩემი გმირის, აჰმედ შაჰ მასუდის, მხედართმთავრის, ლეგენდისა და წინამძღოლის სულსა და მემკვიდრეობას. მილიონობით ადამიანს, ვინც მისმენდა, იმედს არ გავუცრუებ. თალიბანთან ერთ ჭერ ქვეშ არასდროს ვიქნები. არასდროს".


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები