ავღანეთი

მასუდი: მუჯაჰიდთა წინააღმდეგობა თალიბანთან ახლა იწყება, მაგრამ დახმარება გვჭირდება

აჰმად მასუდი საკუთარ მუჯაჰიდებთან ერთად
WSJ

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მეთაური, აჰმად მასუდი, რომელიც ავღანეთის სამოქალაქო ომის დროინდელი მხედართმთავრისა და ჩრდილოეთის ალიანსის მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის შვილია, The Washington Post-ში წერილს აქვეყნებს. 

მუჯაჰიდთა წინააღმდეგობა თალიბანთან ახლა იწყება, მაგრამ დახმარება გვჭირდება

"1998 წელს, როდესაც 9 წლის ვიყავი, მამაჩემმა, მუჯაჰიდთა მხედართმთავარმა აჰმად შაჰ მასუდმა თავისი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ავღანეთში, პანჯშირის ხეობაში, გამოქვაბულში შეკრიბა. ისინი ისხდნენ და მამაჩემის მეგობარს, ფრანგ ფილოსოფოსს ბერნარდ-ჰენრი ლევის უსმენდნენ, რომელიც მათ მიმართავდა. "როდესაც თქვენი თავისუფლებისთვის იბრძვით", თქვა ლევიმ, "თქვენ ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვით".

მამაჩემს, თალიბანის რეჟიმთან ბრძოლის დროს, ეს არასდროს დავიწყებია. იქამდე, სანამ მას 2001 წლის 9 სექტემბერს, თალიბანისა და ალ-კაიდას ბრძანებით მოკლავდნენ, ის ავღანეთის ბედისწერისთვისა და ასევე დასავლეთისთვის იბრძოდა. 

ახლა, ეს ყოველდღიური ბრძოლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს ყოფილა ჩემი სამშობლოს ბნელ, რთულ საათებში. 

დღეს პანჯშირის ხეობიდან ვწერ, მზად ვარ, გავყვე მამაჩემის ნაკვალევს, იმ მუჯაჰიდებთან ერთად, რომლებიც მზად არიან, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ თალიბანს.  ჩვენ გვაქვს ტყვია-წამლის მარაგი და იარაღები, რომლებსაც მოთმინებით ვაგროვებდით მამაჩემის დროიდან მოყოლებული, რადგან ვიცოდით, შესაძლო იყო ასეთი დღის დადგომა. 

ჩვენ ასევე გვაქვს იმ ავღანელთა იარაღი, ვინც ბოლო 72 საათის განმავლობაში პანჯშირში  წინააღმდეგობისთვის შეერთების ჩემს მოთხოვნას გამოეხმაურა. ჩვენ გვყავს ჯარისკაცები ავღანეთის რეგულარული არმიიდან, ვინც ზიზღით უყურებდნენ საკუთარ მხედართმთავართა დანებებას და ახლა პანჯშირის მთებისკენ საკუთარ გზას ადგანან, საკუთარი აღჭურვილობით. ავღანეთის სპეციალური ძალების ყოფილი წევრებიც შემოუერთდნენ ჩვენს ბრძოლას. 

მაგრამ ეს საკმარისი არაა. თუკი თალიბანის მებრძოლი ბელადები იერიშს დაიწყებენ, რა თქმა უნდა, ჩვენგან მონდომებულ წინააღმდეგობას შეხვდებიან. ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის დროშა იფრიალებს ყოველ იმ პოზიციაზე, რომლის აღებასაც შეეცდებიან, ისე, როგორც ერთიანი ეროვნული ფრონტის დროშა ფრიალებდა 20 წლის წინ. თუმცაღა ვიცით, რომ ჩვენი სამხედრო ძალები და ლოჯისტიკა საკმარისი არ იქნება. ისინი ელვის სისწრაფით ამოიწურება, თუკი დასავლეთში ჩვენი მეგობრები ჩვენი დაუყოვნებელი მომარაგების გზას ვერ იპოვიან. 

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ბრძოლის ველი დატოვეს, მაგრამ ამერიკას ჯერ კიდევ შეუძლია იყოს "დემოკრატიის დიდებული არსენალი", როგორც ფრანკლინ დ. რუზველტმა თქვა, როდესაც რთულ სიტუაციაში მყოფ ბრიტანელთა დასახმარებლად აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო. 

ამ მიზნით, დასავლეთში მყოფ ავღანეთის მეგობრებს ვთხოვ ჩვენთვის მოილაპარაკონ ვაშინგტონსა და ნიუ იორკში, კონგრესთან და ბაიდენის ადმინისტრაციასთან. მოილაპარაკონ ჩვენთვის ლონდონში, სადაც მე სწავლა დავასრულე, და პარიზში, სადაც მამაჩემის მოგონებას ამ გაზაფხულზე პატივი მიაგეს შანზ-ელიზეს ერთ-ერთი გზისთვის მისი სახელის დარქმევით. 

იცოდეთ, რომ მილიონობით ავღანელი იზიარებს თქვენს ღირებულებებს. ჩვენი ამდენი ხნის განმავლობაში ვიბრძოლეთ, რათა გვქონოდა ღია საზოგადოება, ისეთი, სადაც გოგოებს ექიმად გახდომა შეეძლებოდათ, ჩვენი პრესა თავისუფლად გააშუქებდა მოვლენებს, ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლებოდათ ცეკვა და მუსიკის მოსმენა, ან ფეხბურთის მატჩებზე დასწრება სტადიონებზე, რომლებიც, ერთ დროს, თალიბანის მიერ, სახალხო სიკვდილით დასჯებისთვის იყო გამოყენებული და შეიძლება მალე კვლავ გამოიყენონ.

თალიბანი მხოლოდ ავღანელი ხალხის პრობლემა არაა. თალიბანის კონტროლს ქვეშ, ავღანეთი, ყველანაირი ეჭვის გარეშე, რადიკალური ისლამისტური ტერორიზმის ფსკერი გახდება. დემოკრატიის წინააღმდეგ გეგმები აქ კიდევ ერთხელ დაიბადება. 

რაც არ უნდა მოხდეს, მე და ჩემი მუჯაჰიდები დავიცავთ პანჯშირს, როგორც ავღანეთის თავისუფლების ბოლო ციხესიმაგრეს. ჩვენი სულისკვეთება დაუზიანებელია. ჩვენ გამოცდილებიდან ვიცით რაც გველოდება. 

მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, მეტი ტყვია-წამალი და მეტი მარაგები. 

ამერიკასა და მის დემოკრატიულ პარტნიორებს ავღანელებთან ერთად საერთო მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ აქვთ. ახლა ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ისტორია, რომელიც საერთო იდეებმა და ბრძოლებმა შექმნა. ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ თავისუფლების მიზნის დასახმარებლად. თქვენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ."


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

როდესაც თალიბანმა 1996 წელს ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, მის გავლენას არ ემორჩილებოდა ჩრდილოეთის ალიანსი, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ავღანეთის გადარჩენის გაერთიანებული ისლამური ფრონტი. ალიანსი 1996 წელს სამოქალაქო ომში ერთმანეთის მოწინააღმდეგეებმა, აჰმად შაჰ მასუდმა და აბდულ რაშიდ დოსტუმმა თალიბანის საპირისპიროდ შექმნეს.

კომენტარები