ავღანეთი

თალიბანი: ავღანეთში ომი დასრულებულია

თალიბები
dw.com

თალიბანის წარმომადგენელმა Al-Jazeera-სთან თქვა, რომ ავღანეთში ომი დასრულდა, შესაბამისად, დასრულდა არსებული მმართველობის ფორმაც, ახალი რეჟიმი კი მალე გახდება ცნობილი. ამასთან ერთად, თალიბანის წარმომადგენელმა მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიაც მისცა.

"ჩვენ ყველას ვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, მათ შორის მოქალაქეებსა და დიპლომატებს. მზად ვართ, ყველა ავღანელთან გვქონდეს დიალოგი და დავიცვათ ისინი". – ამბობს თალიბანის წარმომადგენელი, მუჰამედ ნაემი. 

გუშინ, 15 აგვისტოს, თალიბანი ქაბულში შეიჭრა, რის შემდეგაც ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. თალიბებმა უკვე აიღეს პრეზიდენტის სასახლე.

აშრაფ ღანის ხელისუფლებიდან ჩამოგდება თალიბანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.

რამდენიმე საათის წინ, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ.

CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დროებით მთავრობაში თალიბანისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციის წევრები შევლენ.


მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ლი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადაზე გაცილებით ადრე სრულდება.

კომენტარები