პოლიტიკური კრიზისი

NGO-ები: EU-ს დახმარებაზე უარი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

Emerging Europe

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება "თავს იკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებისაგან. NGO-ები მიიჩნევენ, რომ ეს წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან უარს სასამართლო სექტორში განსახორციელებელ რეფორმებზე და საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა.

NGO-ები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, და მათ შორის სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • დემოკრატ მესხთა კავშირი
  • ლიბერალური აკადემია
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირისგან 75 მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის სესხით სახის მიღებისგან თავს შეიკავებს. მისივე სიტყვებით, ევროკავშირის დახმარების საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ, გადაწყვეტილებას "ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით" ხსნის. მისივე მტკიცებით, საქართველოს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც დამატებით შემოსავალს გააჩენს.   

გუშინ, 30 აგვისტოს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარია აკუმულირებული და EU-ს €75 მილიონს დატვირთვა არ აქვს. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია.

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები საჭიროა. მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია". – დაწერა შარლ მიშელი Twitter-ზე. ის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეხვდა.

2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო კრედიტის სახით 15 წლის ვადით, რომლის განაკვეთიც 2% დამატებული Euribor-ია (ევრო ბანკთაშორისი განაკვეთი). დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები