ავღანეთი

ტერაქტების ასარიდებლად, აშშ თალიბანს დაზვერვის ინფორმაციას უზიარებს

გენერალი კენეთ ფ. მაკკენზი უმცროსი

აშშ-ს ცენტრალური გენერალიტეტის მეთაურმა, გენერალმა კენეთ ფ. მაკკენზი უმცროსმა თქვა, რომ აშშ თალიბანს ტერორისტული თავდასხმების ასარიდებლად დაზვერვის ინფორმაციას უზიარებს. ასევე, მისი თქმით, ევაკუაციის პროცესი ქაბულის აეროპორტიდან გაგრძელდება.

"ინფორმაციის ვერსიებს თალიბანს ვუზიარებთ, რათა მათ ჩხრეკა ჩაატარონ ჩვენთვის. მივიჩნევთ, რომ მათ რამდენიმე თავდასხმა აღკვეთეს. თალიბანს ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს ვაწვდით, მათ სრულად არ აქვთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. მაგრამ ვაძლევთ საკმარისს, რომ დროსა და სივრცეში ქმედება შეძლონ და მსგავსი თავდასხმები აღკვეთონ". – თქვა გენერალმა მაკკენზიმ.

მაკკენზი ელოდება გუშინ, 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების მსგავს თავდასხმებს და ამბობს, რომ აშშ-ს ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს.

"ეს მოიცავს კონტაქტს თალიბანთანაც, ვინც აეროპორტის გარშემო ტერიტორიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მათ უნდა იცოდნენ, რას ველით, რათა დაგვიცვან. მათთან მუშაობას განვაგრძობთ". – დაამატა მაკკენზიმ.

მაკკენზიმ თქვა ისიც, რომ აშშ-სა და თალიბანს ევაკუაციის დროულად დასრულების საერთო მიზანი აქვთ. მან ასევე ისაუბრა თალიბანის ნდობის საკითხზეც.

"განზრახ დაუშვეს თუ არა [ტერაქტი], არ ვიცი. არაფერი ისეთი არაა, რაც დამარწმუნებს, რომ მათ ეს განზრახ დაუშვეს. რაც შეეხება იმას, ვენდობი თუ არა... ეს ის სიტყვაა, რომელსაც ძალიან ფრთხილად ვიყენებ. აქამდეც მითქვამს: "მთავარია ის, თუ რას აკეთებენ და არა ის, რას ამბობენ". მათ პრაქტიკული მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ ჩვენ 31 აგვისტომდე აქედან გავიდეთ. მათ აეროპორტის დაბრუნება სურთ. ჩვენც გვინდა ამ დღემდე გამოსვლა, თუკი ეს შესაძლებელი იქნება. ასე რომ, საერთო მიზანი გვაქვს. სანამ ეს საერთო მიზანი არსებობს, მათთან მუშაობა გამოსადეგია." – თქვა გენერალმა მაკკენზიმ. 

გუშინ, 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, გარდაცვლილია 85 ადამიანი, აქედან 13 ამერიკელი სამხედროა, 28 თალიბანის წევრი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K). აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტერორისტულ დაჯგუფებას შურისძიებას დაჰპირდა.

აფეთქების წინა დღეს, აშშ-ს საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ქაბულის აეროპორტის ტერიტორიას გაცლოდნენ და არ გადაადგილებულიყვნენ მისი მიმართულებით. დაზვერვის ინფორმაციით, არსებობდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხე.

ამ ეტაპისთვის ქაბულის აეროპორტიდან 100 000-მდე ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები