ავღანეთი

ქაბულის აეროპორტში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ISIS-K

BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ [ISIS] აიღო. 

პენტაგონის ინფორმაციით, ტერაქტის მიღმა ხორასნის პროვინცია [ISIS-K / ISKP] დგას, რომელიც ავღანეთსა და პაკისტანში მოქმედი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განშტოებაა და რეგიონში არსებული ჯიჰადისტური მოძრაობებიდან ძალადობისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა. 

ISIS-K-ის რიგებში, ძირითადად, ავღანელი და პაკისტანელი ჯიჰადისტები შედიან. 

ამჟამინდელი მონაცემებით, აფეთქების შედეგად, დაღუპულია 60 პირი, 150-ზე მეტი კი დაშავებულია. 

პენტაგონის ცნობით, გარდაიცვალა 13 ამერიკელი სამხედრო, 20 კი დაჭრილია. 

დაშავებულია ათეულობით თალიბი და ასეულობით ავღანელი, რომლებიც აეროპორტის საშუალებით ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. 

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქებებიდან, ერთ-ერთი მაინც, თვითმკვლელი ტერორისტის ნახელავია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაიხსნება ყანდაარის აეროპორტიც, რომელიც ევაკუაციის მისიისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.

აფეთქება მოჰყვა რამდენიმე ქვეყნის განცხადებას, რომ მათ ევაკუაციის პროცესი დაასრულეს.

გასულ დღეს, აშშ-ს საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ქაბულის აეროპორტის ტერიტორიას გაცლოდნენ და არ გადაადგილებულიყვნენ მისი მიმართულებით. დაზვერვის ინფორმაციით, არსებობდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხე.

საელჩოს გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში არ იყო ნახსენები თუ რა საფრთხე არსებობდა აშშ-ს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეწერა: "ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება გარემოს, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის დროს". 

გაფრთხილება მოჰყვა პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარებს ქაბულის აეროპორტში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით.

 

კომენტარები