ავღანეთი

აშშ მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის დატოვებას ურჩევს, დაზვერვა ISIS-ის საფრთხეზე იტყობინება

25 აგვისტოს აშშ-ს საელჩომ ავღანეთში საკუთარ მოქალაქეებს ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში მისვლისგან დროებით თავის შეკავება ურჩია. უკვე ადგილზე მყოფი მოქალაქეებისთვის გაიცა ადგილის დატოვების რეკომენდაცია. 

საელჩოს გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში არ იყო ნახსენები, თუ რა საფრთხე არსებობდა აშშ-ს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეწერა: "ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება გარემოს, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის დროს". 

გაფრთხილება მოჰყვა პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარებს ქაბულის აეროპორტში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით.

გამოცემა Reuters-თან ISIS-ის საფრთხე NATO-ს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ანონიმურმა დიპლომატიურმა წარმომადგენელმაც ახსენა. მისი თქმით, დაზვერვის ცნობები ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის შესაძლო თავდასხმაზე ვერ იქნება უგულებელყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი აეროპორტში უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

თალიბანის წარმომადგენლის თქმით, მათი სამხედროები განაგრძობენ აეროპორტის ტერიტორიის დაცვას. "ჩვენი მცველებიც საფრთხის წინაშე აყენებენ თავს ქაბულის აეროპორტში, ისინიც დგანან დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს საფრთხის წინაშე" – ამბობს თალიბანის წარმომადგენელი. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები