მეწყერი

გეოლოგი მეწყერზე: ძირითადი მიზეზი მშენებლობები, გზის და წყლის მილების გაყვანაა

კავკასია ტვ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტის, გიორგი ბოიჩენკოს აზრით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერული სხეულის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი მშენებლობები, გზის და წყლის მილების გაყვანის სამუშაოებია.

"ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს კვლევამ, ჩვენი ინსტიტუტის აზრით, ზედაპირული დაკვირვებით, რის უფლებაც მოგვცეს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მშენებლობა, გზის გაყვანა და წყლის მილების გაყვანა, მაგრამ, ამ ეტაპზე, თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ძირითადი მიზეზი ეს არის". - ამბობს გიორგი ბოიჩენკო ტაბულასთან საუბრისას.

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კოპმანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

დღეს, 20 მარტს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებს. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების არშეშვება მათივე უსაფრთხოებისთვისაა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

"მეწყერი უკვე დაძრულია" - გეოლოგების შეფასება მაჭავარიანის ქუჩაზე 

კომენტარები