მეწყერი

"მეწყერი უკვე დაძრულია" – გეოლოგების შეფასება მაჭავარიანის ქუჩაზე

Forum.ge/ნიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. გუშინ, 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა. 

ტაბულა საკითხთან დაკავშირებით სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა სუხიშვილს და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს დაუკავშირდა.

ლაშა სუხიშვილი ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ პრობლემის გამომწვევი ორი ფაქტორი არსებობს: 1) გეოლოგიური მოწყობა 2) ამ ზონაში მიმდინარე არასწორი მშენებლობები, კერძოდ, წყალგაყვანილობის სამუშაოები. 

"პრობლემა გამოწვეულია ორი ფაქტორით. პირველი არის ბუნებრივი ფაქტორი, გეოლოგიურად აქ არის ისეთი მოწყობა, რომ აქ მეწყერსაშიში პროცესები ჩასახვადია, თუმცა, ცალსახად, ამ პროცესების გააქტიურება გამოიწვია ამ ზონაში მიმდინარე მშენებლობებმა და ეს არ არის ერთი მშენებლობა, აქ არის ბევრი მშენებლობის საკითხი, რომ არა მშენებლობები და ადამიანის მიერ განხორციელებული ზეწოლა, შეიძლებოდა ამ პროცესების დროში გადავადება, ათწლეულებით ან მეტით. კომპლექსურად, ბევრმა მშენებლობამ გამოიწვია, მაგრამ, როგორც ჩანს, განსაკუთრებით, წყალგაყვანილობის სამუშაოებმა". - აღნიშნავს სუხიშვილი.

ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ წინასწარი შეფასებით, საუბარია 500 000 კუბური მეტრის მეწყრულ მასალაზე და შესასწავლია მეზობელი უბნებიც. კითხვაზე, შეიძლება თუ არა საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია ამ ზონიდან, სუხიშვილი ამბობს, რომ გადაჭრით თქმა შეუძლებელია, არსებობს თუ არა ეს საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ამ ზონიდან მოშორებითაა განსახლებული. 

"რაც შეეხება მასშტაბებს, დღეს დილას დაიწყო აქ ჩვენმა ჯგუფმა მუშაობა, აგრძელებენ და გაგრძელდება მომავალ დღეებშიც, თუმცა, წინასწარი შეფასებით, აი, ფოტოებზე რაც ვნახეთ, ვიზუალურად, მოწყვეტილი ბლოკი რაც არის, მანდ საუბარია 500 000 კუბური მეტრის მეწყრულ მასალზე, რომელიც უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ, თუმცა, აქ არის მეორე მომენტი და რაზეც, პრინციპში, ჩვენ ვფოკუსირდებით, შესასწავლია და ამის გაზომვას ჩვენ დავიწყებთ აუცილებლად, ხომ არ არის მეზობელი უბნებიც დინამიკაში მოსული, ვიზუალურად ამ უბნებს დინამიკა არ ეტყობა, მაგრამ გეოდეზიური გაზომვით შეიძლება გამოჩნდეს, რომ ეს უბნებიც დესტაბილირებულია.

შეეხება თუ არა ეს მოსახლეობას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის მარტივი, საბედნიეროდ, მოსახლეობა ამ ზონიდან ცოტათი უფრო სხვაგან არის განსახლებული, თუმცა 100%-ით ვერ გეტყვით, რომ გამორიცხულია ვინმეს რამე შეეხოს, ეს არის შესასწავლი, დასათვლელი და მოდელირებაა ამის გასაკეთებელი.

ჩემი სფეროს მიმართულებით რომ გითხრათ, ვერ ვხვდები, ამ ფერდობის სტაბილიზაცია როგორ შეიძლება მოხდეს, კი, შეიძლება ხელოვნურად ჩამოიშალოს ეს დინამიკაში არსებული ბლოკი, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გამოვრიცხავთ, რომ მეზობელი ბლოკებიც დომინოს ეფექტით გააქტიურდნენ, თუ უკვე არ არიან გააქტიურებულნი. მზა რეცეპტი, თუ როგორ უნდა გაჩერდეს აქ მეწყრული პროცესი - არ გვაქვს". - ამბობს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი. 

თეა გოდოლაძის აზრით, პრობლემა თბილისის არასწორი სამშენებლო პოლიტიკით და არასწორი დაგეგმარებითაა გამოწვეული. 

"ეს პრობლემა გამოწვეულია არასწორი სამშენებლო პოლიტიკით, მერიის არასწორი დაგეგმარებით, არასწორი ლიცენზიებით, არასწორი მშენებლობის ნებართვებით. 

უნდა გადაწყვიტონ მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ, რეალურად, მეწყერი უკვე დაძრულია, ამის მოდელირება უნდა გააკეთონ და უნდა ითქვას, რისი საფრთხეა და რისი - არა. სურათი არის ძალიან ნათელი და ცხადი, ვინც არის ამ საქმის პროფესიონალი მშვენივრად იცის რაზეა საუბარი, როგორც ვხედავთ, ეს პრობლემა არის, დაახლოებით, ორი კვირის, ამ დროის განმავლობაშია გაზრდილი ნაპრალი. 

როდესაც ასეთ მდგომარეობამდე მიდის საქმე ხელოვნურად ჩამოშლაც არ შეიძლება, რასაც ახლა ვაკვირდებით, სერიოზული პრობლემაა, ანუ მოწყვეტა, რაც ჩადის ზვავურად მხოლოდ ამ სიბრტყეზე არ არის, ანუ სხვა პროცესებიც შეიძლება დაძრას სხვა ტერიტორიაზე. დასათვლელი და შესაფასებელია, მაგრამ საფრთხე არსებობს". - ამბობს გოდოლაძე ტაბულასთან საუბრისას.

კომენტარები