მეწყერი

მერია: ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე არასწორია, პირების არშეშვება მათი უსაფრთხოებისთვისაა

Forum.ge/ნიკა

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე გაჩენილი მეწყრის ტერიტორიაზე ახალი ნაპრალების შესახებ არასწორია, დამოუკიდებელი მეცნიერების ტერიტორიაზე არშეშვება მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარეა. 

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები, სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიცაა საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა. კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისის მერია ადგილზე მუშაობის საშუალებას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, როგორც მონიტორინგი, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არცერთი წუთით. სპეციალური სამუშაო ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. რაც შეეხება გარე პირების ადგილზე დაშვებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მომავალი კვირიდან შემოგვიერთდებიან უცხოელი სპეციალისტები, როლებიც შეისწავლიან ადგილზე მდგომარეობას და ამის შემდეგ დაიგეგმება კონკრეტული სამუშაოები". – თქვა ბენდელიანმა. 


დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

"მეწყერი უკვე დაძრულია" - გეოლოგების შეფასება მაჭავარიანის ქუჩაზე 

კომენტარები