ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი, ასევე შესაბამისი ტექნიკა.
"მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, "რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა".





