მე-10 მოწვევის პარლამენტი

ლელომ პარლამენტს უკრაინის საკითხზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ლელომ საქართველოს პარლამენტს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. პარტიის ცნობით, პროექტი შეიქმნა, რათა ქვეყანა უკრაინას "სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის" გამოძიებაში დაეხმაროს. 

"საქართველოს პარლამენტი: ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ეყრდნობა რა გაეროს ქარტიას და საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებს, რომლის თანახმად ყველა სახელმწიფოს გააჩნია თანაბარი სუვერენიტეტი და ვალდებულია თავი შეიკავოს სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან; 

მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებას და დამკვიდრებას; 

ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო მართლწესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების; 

აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს, დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლურ ღირებულებად; 

იზიარებს რა გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ შემუშავებულ ნიურნბერგის პრინციპებს, რომელიც ადგენს თუ რა წარმოადგენს ომის დანაშაულს და 1998 წლის რომის სტატუსს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ; 

იხსენებს რა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები შეიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე 2008 წლის 7 აგვისტოს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფით, მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დღემდე არ ასრულებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს; 

ადასტურებს რა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა უკრაინის სახელმწიფოზე; 

ითვალისწინებს რა ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისას უკრაინის მთელ რიგ წერტილებში, მათ შორის ბუჩასა და სხვა ქალაქებში განახორციელეს სამხედრო აგრესია, რომლის შედეგი ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, უამრავი ბავშვის სიცოცხლის განადგურება, ათასობით საცხოვრებელი სახლის, სკოლების, საბავშვო ბაღების და სამოქალაქო ობიექტების დანგრევა და უკრაინის ოთხი მილიონი მოქალაქის ქვეყნიდან ლტოლვილის სტატუსით გადინებაა. 

გმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებებს, რომლებიც აშკარად შეიცავენ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა, ასევე საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით ჩადენილ სხვა მძიმე დანაშაულთა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის ნიშნებს. 

მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ყველა შესაძლო ძალისხმევა მიმართოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ომის დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დასჯის მიზნით. 

მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს გამოიყენოს მათ ხელთ არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატები, პლატფორმები და მექანიზმები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებისა და მეთაურების, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებისა და ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად უკრაინის ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისა და ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის. 

სთხოვს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეს უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება. 

სთხოვს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაეხმაროს უკრაინის ხელისუფლებას სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიებასა და გაეროს ადამიანების უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევაში, უკრაინის პოზიციების დასაცავად საჭირო მასალის შეგროვებაში, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ასევე ევროკავშირთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გზით. მხარი დაუჭიროს ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის შესაბამისი წარმომადგენლებისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მიმართულ ნაბიჯებს. 

აღმასრულებელ ხელისუფლებას ასევე ავალებს მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას". - წერია რეზოლუციის პროექტში.   

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის პროტესტის ფონზე 1-ელ თებერვალს მიიღო "უკრაინის მხარდამჭერი" რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება - "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?". ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს".  3 აპრილს კი, საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ  25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის". მისივე მტკიცებით, "ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს".  

საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია არაერთხელ გაიმართა. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.

უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველებისთვის ჩარტერული რეისის გაუქმებისა და სანქციებზე "ამორალური პოზიციის" გამო პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის 1-ელ მარტს გაიწვია.  31 მარტს ზელენსკიმ მიმართვაში საქართველოსა და მაროკოში ყოფილ ელჩებს მოუწოდა, სხვა სამსახური მოეძებნათ. 

4 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანის ნაცვლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა - დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა "გაუგებარი გადაწყვეტილებაა", ხოლო "დესტრუქციული ოპოზიცია" თბილისიდან და კიევიდან "საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებას" ცდილობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები