მე-10 მოწვევის პარლამენტი

TI: 2022-ში პარლამენტის 84 დეპუტატის მივლინებებში 1 739 782 ლარი დაიხარჯა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1 739 782.93 ლარი დაიხარჯა.   

ასევე, TI-ის ცნობით, 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაექვითა 68 704.69 ლარი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მე-10 მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლით 18 დეპუტატს არ უსარგებლია - მათგან 10 ქართული ოცნების წარმომადგენელია. ოცნებიდან სიტყვით გამოსვლით არ უსარგებლიათ: ელგუჯა გოცირიძეს, ისკო დასენს, სუმბატ კიურეღიანს, ლევან კობიაშვილს, სამველ მანუკიანს, გოგი მეშველიანს, დიმიტრი სამხარაძეს, გოდერძი ჩანქსელიანს, ვასილ ჩიგოგიძეს და ვიქტორ ჯაფარიძეს.ოპოზიციიდან - გრიგოლ ვაშაძეს, აბდულა ისმაილოვს, მანუჩარ კვირკველიას, კობა ნაყოფიას, რამაზ ნიკოლაიშვილს, ბაჩუკი ქარდავას, ცეზარ ჩოჩელს, დილარ ხაბულიანს. 

TI-ის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 126-მა წევრმა ისარგებლა. პლენარულ სხდომაზე ყველაზე მეტი გამოსვლა ჰქონდა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242), ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93). 

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა). 

ძირითადი მიგნებები 

"2022 წელს ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, საქართველოს მიერ,  ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა იყო. 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის წარმართვა პარლამენტმა ითავა, შექმნა სამუშაო ჯგუფები და წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივები. რეკომენდაციების შესრულების მიზნით განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და საპარლამენტო კონტროლისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პარლამენტმა ვერ უზრუნველყო პროცესის საკმარისი ინკლუზიურობა, მასში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საკმარისი ჩართულობა.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად, საკანონმდებლო დონეზე მოხდა საპარლამენტო კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება, პარლამენტი არ დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისთვის საკმარისი მაკონტროლებელი ფუნქციების მინიჭებისა და მისი ფუნქციური გაძლიერებისთვის. პირიქით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს ოპოზიციის დასუსტებას, რისი მაგალითიცაა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგალითად, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, 2022 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა პარლამენტის გამჭვირვალობა. მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში შესვლა და კომიტეტზე დასწრება  დაუსაბუთებლად, პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ეზღუდებოდათ. პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა პარლამენტის მონიტორინგის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. 

ასევე, 2022 წელს, მეათე მოწვევის პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და ვეტო დაადო ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონპროექტს, რომელმაც, TI-ს შეფასებით, მნიშვნელოვნად გააუარესა პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტი. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია; 

საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით: 

პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაცია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის თავშესაფრის ახალი წესით სარგებლობის შემოღება.

პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესება.

ნეგატიურად შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუარესება, სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება. 

ძირითადი გამოწვევები   

საკანონმდებლო პროცესის მიმართულებით არსებულ გამოწვევებში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო წერს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში გაიზარდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევები. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 125 კანონის პროექტი მიიღო. TI-ის განცხადებით, უკანასკნელი წლების ტენდენციის მიხედვით, პარლამენტი მხარს უჭერს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს, რაც მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელოვან მექანიზმს აზრს უკარგავს. 

რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლის მხრივ არსებულ გამოწვევებს, TI-ის ანგარიშის მიხედვით, მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს. გაგზავნილი 5093 სადეპუტატო კითხვიდან პასუხი არ გაეცა 997-ს, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიცის წარმომადგენელი იყო. პასუხებს უმეტესად მუნიციპალიტეტების მერები არ სცემდნენ, მინისტრებიდან კი კითხვები უპასუხოდ დატოვეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა (16 კითხვა) და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ (14 კითხვა). 

პარლამენტის ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის ნაწილში ვკითხულობთ, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. ასევე, პარლამენტმა მუდმივი საშვები გაუუქმა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარლამენტის მონიტორინგს ახორციელებენ, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად. 

კომენტარები