მე-10 მოწვევის პარლამენტი

პარლამენტმა მიიღო "უკრაინის მხარდამჭერი" რეზოლუცია, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის

74 ხმით საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქართული ოცნების მიერ შემუშავებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც რუსეთი მოხსენიებული არ არის. 

"რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას". – წერია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში. 

რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთი ერთხელაც არ არის მოხსენიებული, ქართულმა ოცნებამ 26 იანვარს გაასაჯაროვა და მას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მთავარი მტრის რეზოლუციაში არმოხსენიება მმართველი გუნდის საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იმით ახსნა, რომ "რეზოლუციის ტექსტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლილია".

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ;

საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონული მშვიდობასა და უსაფრთხოებას.  

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.

კომენტარები