რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებისთვის ხელის შეშლა და მთავრობის მიერ სანქციებზე "ამორალური" დამოკიდებულებაა.

"რაც შეეხება ჩვენს დიპლომატებს, მათი ქმედებები გამართლებულია იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც თავიანთი სიტყვა და საერთაშორისო ნორმები დაარღვიეს. დაუყოვნებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო". – თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინაში მოხალისედ წასვლის მსურველი ქართველები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ მათ უკრაინაში ჩარტერული რეისი გაუუქმა - მანამდე, უკრაინამ გამოაცხადა უცხოური ლეგიონის შექმნა, რომელში გაერთიანებაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. ტაბულა მე-2 დღეა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღებას ცდილობს.  

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს

"რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ვის მოაკლდება შემოსავალი?" - თქვა ღარიბაშვილმა, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთტან ბაზრის გახსნას "ეროვნული პოლიტიკით მიაღწიეს".  

საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობს, რომ კიევის დაბომბვის შემჩერებელი არავინ არის და, მისივე სიტყვებით, სანქციები არაეფექტურია.  

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ღარიბაშვილის განცხადებების გასაპროტესტებლად მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან 6 დღეა, იკრიბებიან. აქცია დღეს, 1-ელ მარტს, 19:00 საათზეც არის დაგეგმილი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები