საქართველოს პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობიდან გადააყენა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა, მის შემცვლელად კი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პოლონეთში ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაასახელა.
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა "გაუგებარი გადაწყვეტილებაა", ხოლო "დესტრუქციული ოპოზიცია" თბილისიდან და კიევიდან "საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებას" ცდილობს.
"სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა. ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან, როგორც თბილისში, ისე კიევში.
პროვოკაციული იყო მოხალისეების ჩარტერული რეისით ურაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა. რაც ასევე იყო ორგანიზებული ნაციონალური მოძრაობის მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა.
ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება.
გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში". – თქვა მთავრობის ადმინისტრაციის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა პირველ მარტს, მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოხალისეების ხელისშეშლისა და სანქციებზე საქართველოს მთავრობის "ამორალური პოზიციის" გამო, ელჩი იგორ დოლგოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
უკრაინის პრეზიდენტმა ელჩის გაწვევის განკარგულებას ხელი კონსულტაციების დაწყებიდან ერთ თვეში, 31 მარტს მოაწერა.
"არიან ისეთები, რომლებიც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად და არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზე დარჩნენ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური". - ამბობს ზელენსკი.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი ქართველ ხალხს მოაკლდება - "რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?". ღარიბაშვილის სიტყვებითვე, "მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს – თავისი, ომი უკრაინაში მიმდინარეობს". 3 აპრილს კი, საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის". მისივე მტკიცებით, "ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს".
საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ აქცია არაერთხელ გაიმართა. ამაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია". თუმცა, პრემიერმა ღარიბაშვილმა აქციებს "ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.