მე-10 მოწვევის პარლამენტი

ქადაგიშვილი: სერგეენკოს მანდატის შეჩერებას კომიტეტი არასაპატიო გაცდენების გამო განიხილავს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატ დავით სერგეენკოსთვის მანდატის შეჩერების მიზეზი არასაპატიო გაცდენების რაოდენობაა.

"კომიტეტი განიხილავს რეგლამენტის იმ მუხლზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც თუ ერთი სესიის განმავლობაში, არასაპატიო გაცდენების რაოდენობა სესიის დღეების ნახევარს აღემატება, მაშინ ხდება ამ საკითხის განხილვა და შემდგომ, საბოლოო გადაწყვეტილებას, სექტემბერში, საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ, პლენარული სხდომა მიიღებს". - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ქართული ოცნების წევრის, დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე 14 ივლისს იმსჯელებს.

ცნობისთვის, აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებისას კენჭისყრას დავით სერგეენკო არ დაესწრო, რის საფუძვლადაც მან დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების კანონპროექტისადმი ნეგატიური განწყობა დაასახელა. სერგეენკო ასევე არ დასწრებია კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვასაც, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობამ პროექტი ჩააგდო.

კომენტარები