სანქციები რუსეთს

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 12.5%-ით შემცირდა, ყაზახეთიდან – 680%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 183.4 მილიონი დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით ($22 მლნ) მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 42.64% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 57.36% კი დანარჩენ ქვეყნებზე.

ათეულში პირველი ხუთეული კვლავ უცვლელია, თუმცა, რუსეთიდან შემოსული გზავნილების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით არის შემცირებული. პარალელურად, პირველ ათ ქვეყანას შორის აღმოჩნდა ყაზახეთი - ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში ყაზახეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა 680.73%-ით გაიზარდა და 13.78 მილიონ დოლარი (7.51%) შეადგინა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები