რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულად, 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა ქვეყნის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება და ინფლაციის დონის ზრდა გამოიწვია, 28 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 109.5 რუბლს მიაღწია, რაც რუსული ვალუტის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია. 

კრიზისის საპასუხოდ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის რეკორდულად გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, ერთ დღეში რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაიზარდა, რაც, ასევე, ყველაზე მკვეთრი ცვლილებაა რუსეთის ისტორიაში. 

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ განაკვეთის ზრდა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დაასტაბილურებს და ეროვნულ ვალუტაზე არსებულ წნეხს შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს პანიკური ვაჭრობის დროებით შესაკავებლად და ფინანსური ბაზრის ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად მოსკოვის საფონდო ბირჟა არ გაიხსნა, MOEX-ის ვებ-გვერდი კი გაითიშა.     


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები