მოსამართლე გიორგი გელაშვილს განაჩენის გამოცხადება შეეშალა. როგორც აღმოჩნდა, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ია დარახველიძესაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაცია ტაბულას ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ დაუდასტურა.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებული 6 პირის განაჩენი გამოცხადდა.
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ია დარახველიძესთან დაკავშირებით მოსამართლემ 3-წლიანი პატიმრობა გამოაცხადა.
დარახველიძე დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, სავარაუდოდ, ის საქართველოში არ იმყოფება.
როგორც ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა განაცხადა, მისთვის უცნობია ია დარახველიძის ადგილსამყოფელი.




