ფულადი გზავნილები

ქვეყნები, საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 183.4 მილიონი დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით ($22 მლნ) მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 42.64% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 57.36% კი დანარჩენ ქვეყნებზე.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. იტალია - 32.96 მილიონი დოლარი;
  2. რუსეთის ფედერაცია - 21.94 მილიონი დოლარი;
  3. აშშ - 21.1 მილიონი დოლარი;
  4. საბერძნეთი - 15.47 მილიონი დოლარი;
  5. ისრაელი - 14.1 მილიონი დოლარი;
  6. ყაზახეთი - 13.78 მილიონი დოლარი;
  7. გერმანია - 11.38 მილიონი დოლარი;
  8. თურქეთი - 7.35 მილიონი დოლარი;
  9. უკრაინა - 5.08 მილიონი დოლარი;
  10. აზერბაიჯანი - 4.8 მილიონი დოლარი.

2022 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მილიონი დოლარი (80.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან ($21 მლნ) შედარებით 27.5%-ით მეტია.


2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით. 

კომენტარები