სანქციები რუსეთს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტზე ვერ შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები გამართულ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტზე.

რუსეთთან რეზინით ვაჭრობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მესამე დღეა ჩერდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთმა უარყო იტალიის მოთხოვნა რეზინის იმპორტზე ახალი შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ.

Reuters-ის ცნობით, პოლონეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შემოთავაზებული შეზღუდვები რუსული რეზინის იმპორტზე ევროკავშირში ითვალისწინებს იმპორტის დიდ კვოტას და ხანგრძლივ გარდამავალ პერიოდს, რომ მათ პრაქტიკულად არანაირი ეფექტი არ ექნებათ.

აქამდე ევროკავშირმა ვერ მოაწერა ხელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს იმის გამო, რომ პოლონეთი აპროტესტებს შემოთავაზებულ შეზღუდვებს სინთეზური რეზინის იმპორტზე, რომელიც, მისი აზრით, საკმარისად მკაცრი არ არის.

მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი მიიღება 24 თებერვლამდე, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე.

მედიის ცნობით, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს შეზღუდვებს 60-ზე მეტ რუს ჩინოვნიკსა და პოლიტიკოსზე, რომელთაგან ზოგიერთს, სავარაუდოდ, უკრაინელი ბავშვები რუსეთში იძულებით გადაჰყავდა. 

კომენტარები