სანქციები რუსეთს

სამინისტრო: საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა

ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებით, “საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა". მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის შეფასებით, არასწორი ფაქტების გავრცელება აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. 

"ცალსახად ვაცხადებთ, რომ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი, გემი ATACAMA  ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გურამ მაჭარაშვილის თქმითვე, სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ATACAMA (IMO # 9248801, მოსვლის ნავსადგური ტუაფსე, რუსეთი) 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და მისი საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება იყო.

"რაც შეეხება ტვირთს, გემს სატვირთო ოპერაციებზე განაცხადი არ გაუკეთებია და შესაბამისად, არ განუხორციელებია სატვირთო ოპერაციები. მიმდინარე მონაცემებით, გემი მოიხსნა საღუზე წერტილიდან და ტოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ როგორც გემებს, ასევე გემთმფლობელებ საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, გემის მფლობელი, ან ტვირთი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები